რატომ ჩხუბობთ?

მიყვარს კამათი. არა იმიტომ, რომ ის ჭეშმარიტების მშობელად მეჩვენება. მეორე გავრცელებულ აზრსაც არ ვეთანხმები - თითქოს კამათი თითოეულ მხარეს მხოლოდ თავდაჯერებას მატებდეს და ამიტომ, უაზრო იყოს. გულწრფელად მჯერა, რომ კამათს ზოგჯერ ნამდვილად აქვს აზრი. სულ მცირე, ისმენ განსხვავებულ აზრსა და არგუმენტებს. იმავდროულად, საკუთარი პოზიციის უკეთ ჩამოყალიბებასა და არგუმენტირებას ეჩვევი. მოკლედ, გონებას ავარჯიშებ. იმისაც მჯერა, როგორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რაღაც მომენტში ცდილობს, განსხვავებული გადასახედიდან დაინახოს, რასაც ამტკიცებს. მინახავს ისეთებიც, ვისაც კამათის შემდეგ საკუთარი პოზიცია შეუცვლია. თან, ბოლოსდაბოლოს, ზოგჯერ კამათი კარგი გასართობიცაა.

ამას ზოგი ვერ გაიზიარებს, სწორედ ისინი, რომლებიც ამ პოსტის უნებლიე ინსპირატორად იქცნენ. ისინი, ვინც გახურებული კამათისას ხშირად წამოისვრიან ხოლმე - “რატომ ჩხუბობთ?”. ეს არცთუ იშვიათად ხდება. მაგალითად, წარმოვიდგინოთ სიტუაცია: რამდენიმე ადამიანი სუფრის გარშემო ზის. მოგეხსენებათ, ამგვარი თავშეყრა ჩვენს სამშობლოში საათობით შეიძლება გაგრძელდეს. ბუნებრივია, ამ დროს აუცილებლად გაჩნდება თემა, რომელზეც ადამიანები კამათს დაიწყებენ. იქვე კი, აუცილებლად გამოჩნდება ზემოთხსენებული „მშვიდობისმოყვარეთა“ ჯგუფის წარმომადგენელიც, - ვინც კამათის ალაგმვას შეეცდება კომენტარით – “რატომ ჩხუბობთ? მოდი, სხვა თემაზე ვილაპარაკოთ”. ეს სხვა თემა კი აუცილებლად ნეიტრალური უნდა იყოს, რომ ყველა ერთმანეთს დაეთანხმოს და “კონფლიქტი” ამოიწუროს.

რა არის ამ ადამიანების მოტივაცია? რატომ ცდილობენ, მათ ირგვლივ ტოტალური თანხმობა გამეფდეს? რატომ ვერ არჩევენ ჩხუბს კამათისგან, ან რატომ არასოდეს უჩნდებათ სურვილი, თავადაც ჩაერთონ? ხანდახან, ეს უფრო მაკვირვებს, ვიდრე ოპონენტის მხრიდან სრული სისულელის ურცხვად მტკიცება. როგორ გამოსდით ამგვარი ინდიფერენტულობა? გასაგებია, რომ ადამიანებს განსხვავებული ინტერესები და პრიორიტეტები აქვთ, ვიღაცას პოლიტიკა არ აინტერესებს, ვიღაცას სპორტი, მაგრამ, ღმერთმანი, ხომ არსებობს თემები, რომელიც ყველას, სულ მცირე, იმ დონეზე ეხება, რომ წარმოუდგენელია ორიოდ წუთით მაინც არ ჩაფიქრებულიყო მათზე?! :)

ცოტა ხნის წინ მსგავს სიტუაციაში კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი. ოცი-ოცდაერთი წლის ახალგაზრდები, ქართველი ახალგაზრდების დამოუკიდებლობის ხარისხზე ვკამათობდით. ეს იმ თემათაგანია, რომელზეც ჩვენი ასაკის ადამიანს აუცილებლად უფიქრია, ან უნდა ეფიქრა. ცხადია, აქაც გამოჩნდნენ გულისხმიერი ადამიანები, რომლებმაც “ჩხუბი” ვერ აიტანეს. თემის შეცვლა სასწრაფოდ და დაჟინებით მოგვთხოვეს. :)მიზანს მიაღწიეს კიდეც. იქვე სასწრაფოდ გამოიძებნა საკითხი, რომელზეც ყველა შევთანხმდით.

ამის შემდეგ, ტრადიციულად, “მშვიდობისმოყვარე” ადამიანებმა ტრიუმფალური გამომეტყველებით გადმოგვხედეს, გაგვიღიმეს და გვითხრეს: “ასე არ სჯობს?!” არა, ნამდვილად არ სჯობს! :)

კომენტარები