ადამიანის თავისუფლების ინდექსი

2018 წლის მონაცემებით, საქართველო ადამიანის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-40 ადგილზეა

www.travelandleisure.com

Cato Institute-ის და The Fraser Institute-ის ადამიანის თავისუფლების ინდექსის (HFI) 2020 წლის ანგარიშის თანახმად, რაც უკანასკნელ ხელმისაწვდომ, 2018 წლის მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში ადამიანის თავისუფლების ინდექსია 10-დან 7.87, რითაც საქართველო 162 ქვეყნიდან მე-40 ადგილს იკავებს.

2017 წელსაც საქართველო ამ ადგილს იკავებდა, თუმცა 0.01-თ შემცირდა ადამიანის თავისუფლების მაჩვენებელი. 

საქართველოში პირადი თავისუფლების მაჩვენებელი 10-დან 7.56-ა, რითაც მსოფლიოში 58-ე ადგილს იკავებს, ხოლო ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელია 8.18 - მსოფლიოში მე-8 ადგილი. 

კანონის უზენაესობის მაჩვენებელი საქართველოში 10-დან 5.4-ა, რელიგიური თავისუფლების - 7.1, მთავრობის ზომის -7.9, სამართლებრივი სისტემის და საკუთრების უფლებების მაჩვენებელი - 6.5. ანგარიშის ნახვა ვრცლად შეგიძლიათ აქ.

აღსანიშნავია, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველო პირველ ადგილს იკავებს. მას მოსდევს სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. 

2018 წლის მონაცემებით, 162 ქვეყნის ადამიანის თავისუფლების საშუალო მაჩვენებელი 6.93-ა. 

2018 წლის მონაცემებით, ადამიანის თავისუფლების ინდექსით პირველ ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, ხოლო ბოლო ადგილს - სირია.

აღსანიშნავია, რომ აშშ და გაერთიანებული სამეფო მე-17 ადგილს იკავებენ, რუსეთი კი ამ სიაში 115-ე ადგილზეა. 

2017 წლის მონაცემებთან შედარებით, მსოფლიოში თავისუფლების დონე ოდნავ, 0.01-ით გაუმჯობესდა - 87 ქვეყანაში ადამიანის თავისუფლების მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო 70-ში შემცირდა. 2008 წლიდან მოყოლებული, ყველა ქვეყნის მონაცემით ეს მაჩვენებელი ასევე მცირედით, 0.04-ით არის შემცირებული.

"ადამიანის თავისუფლების ინდექსი არის თავისუფლების ყველაზე ყოვლისმომცველი ინდექსი, რაც აქამდე შეიქმნა გლობალურად მნიშვნელოვანი ქვეყნებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს მოსახლეობის 94 პროცენტს". - ვკითხულობთ The Fraser Institute-ის ვებგვერდზე.

კომენტარები