რეკლამა

® Dvv.gaen.org.ge სასურველი კურსების მოძიებაში დაგეხმარებათ

რადგან დღევანდელ რეალობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა, ფაქტობრივად, მთლიანად ელექტრონულ სივრცეზე გადაეწყო, ინტერნეტმომსახურებამ კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა შეიძინა. ამ ფორმით დღეს თითქმის ყველანაირი სერვისის მიღებაა შესაძლებელი და ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ არა მხოლოდ დაგეგმონ, არამედ მოიძიონ და განახორციელონ მათთვის სასურველი სერვისი. Dvv.gaen.org.ge ის ვებ პორტალია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო კურსების მოძიებაში ეხმარება, ხოლო განათლების პროვაიდერ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კურსების შესახებ უფასოდ ატვირთონ ინფორმაცია და საკუთარი მომსახურება შესთავაზონ მოსახლეობას. DVV International საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით იგი ივლისში შეიქმნა და დღეისათვის 360-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. ვებპორტალზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია როგორც რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ასევე საგანმანათლებლო კურსების ტიპისა და ორგანიზაციების მიხედვით, რაც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სასურველი ინფორმაცია ოპერატიულად და ამომწურავად მოიპოვონ. ვებგვერდი ორენოვანია - ქართული და ინგლისური, აქვს საძიებო და გაწევრიანების ფანჯარა, სადაც, როგორც სასურველი კურსების მოძიება, ისე შეთავაზებაა შესაძლებელი. გვერდის ბოლოს კი მითითებულია საკონტქატო ინფორმაცია. მსურველებს შეუძლათ მიმართონ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს GAEN, სადაც მათ კვალიფიციურად დაეხმარებიან. ვებგვერდის შექმნასა და ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს კომპანია Omedia.

ამ ვებპორტალზე ყველა ტიპის საგანმანათლებლო კურსთან ერთად, არაფორმალური და ზრდასრულთა განათლების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას; შეიტყობთ ზრდასრულთა სათემო განათლების ცენტრების შესახებ, რომლებიც უკვე თორმეტია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვებგვერდზე თავმოყრილია და დეტალურადაა მოცემული, სად, რომელ რეგიონში და რომელ ცენტრში რამდენი და რა სახის კურსები ტარდება, რომელი მიმდინარეობს ამჟამად, რა ვადითა და პირობებით. რა თქმა უნდა, აქვეა მოცემული თითოეულ ცენტრთან საკონტაქტო ინფორმაციაც და დაკავშირებაც არაა რთული. დაინტერესებული პირები შეძლებენ, მეტი შეიტყონ ზრდასრულთა განათლების შესახებ, მის სიკეთეებზე ადამიანების ცხოვრებაში, კონკრეტულ მიღწევებსა და წარმატებებზე. დღეს, როცა უმუშევარია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ განათლებისა და პროფესიული უნარების მიღებაში, დასაქმებაში, უდიდესია არაფორმალური და ზრდასრულთა განათლების როლი, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ ასაკში მათთვის სასურველი თუ შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები აითვისონ, საჭირო უნარები გამოიმუშაონ, დასაქმდნენ და განვითარდნენ პროფესიულადაც და პიროვნულადაც. ამის საშუალებას სწორედ ის კურსები და ტრენინგები იძლევა, რომლებსაც ზრდასრულთა განათლების ცენტრები რეგიონებში სთავაზობენ მოსახლეობას.
 
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა მთლიანად ელექტრონულ სივრცეზე გადაეწყო, ცენტრები ახლა ZOOM-ის პროგრამით მუშაობენ და შეუფერხებლად ახორციელებენ თითქმის ყველა დაგეგმილ კურსს. ტრენინგები, როგორც ადრე, ახლაც კარგი დასწრებითა და აქტივობით ტარდება და მიუხედავად იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება რეალობა, რომელშიც დღეს ვართ, სწავლის პროცესი არ შეწყდება.
 
Dvv.gaen.org.ge-ს შექმნის მიზანიც სწორედ ის არის, რომ ადამიანებს ამ შესაძლებლობის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია და სასურველ ორგანიზაციებს დააკავშიროს, რათა რაც შეიძლება მეტმა მსურველმა შეიტყოს საგანმამნათლებლო კურსების ხელმისაწვდომობა და დღევანდელი რეალობის მიუხედავად, კვლავაც აქტიურად გააგრძელოს სწავლა და განვითარება.
 
რიტა ბაინდურაშვილი

კომენტარები