მთავრობის ანგარიში

გომელაური: წელს დანაშაული 10%-ით შემცირდა – ოჯახში ძალადობამ 8.5%-ით იმატა, მკვლელობამ 11%-ით

საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა 10%-ით იკლო, მაგრამ, მისივე თქმით, ამავე პერიოდში იმატა კიბერდანაშაულმა, ოჯახში ძალადობამ და მკვლელობამ. 

"ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. მივყვეთ მონაცემებს და ვნახავთ, რომ ეს განცხადებები პოლიციის დისკრედიტაციისკენაა მიმართული. გასულ წელთან შედარებით დანაშაული შემცირდა 10%-ით. რა თქმა უნდა, გვაქვს მატება გარკვეულ დანაშაულებზე – მაგალითისთვის, კიბერდანაშაულმა მოიმატა 24%-ით, ოჯახში ძალადობამ 8.5%-ით, მკვლელობამ 11%-ით, რაც 7 ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით". – თქვა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, ქვეყანაში გასულ წელთან შედარებით ყაჩაღობამ 42%-ით იკლო, გამოძალვამ – 34%-ით, ძარცვამ – 25%-ით, ქურდობამ – 12%-ით, ბინების გაქურდვამ – 28%-ით, მკვლელობის მცდელობამ – 5%-ით. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში კრიმინალი არასწორად შუქდება. 

კომენტარები