ბუჯეტი

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მეორედ ამოიწურა, პროგრამას კიდევ 20 მილიონი ლარი ემატება

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურის ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვისთვის განკუთვნილი 802 მილიონი ლარი ჯერ კიდევ ნოემბერში ამოიწურა და წლის ბოლომდე პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის 95 მილიონი ლარი გამოიყო.

აღმოჩნდა, რომ წლის ბოლომდე პროგრამის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის არც ეს თანხაა საკმარისი და ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვისთვის დამატებით 20 მილიონი ლარი გამოყო. 

ამგვარად, პროგრამის ხარჯები ჯამურად წელს თითქმის 917 მილიონს გაუტოლდება, რაც პროგრამის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

პროგრამის ამოქმედების შემდეგ ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, როდესაც პროგრამისთვის განკუთვნილი ხარჯები დროზე ადრე ამოიწურა და დამატებითი ფინანსების მობილიზება გახდა საჭირო. პროგრამას თავდაპირველი გეგმით განსაზღვრული თანხა წლის ბოლომდე მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს, პროგრამის ამოქმედების წელს ეყო. 

2014 წლიდან მიმდინარე წლის ჩათვლით პროგრამის ბიუჯეტი წლის მესამე კვარტალში იწურება. 

  • 2013 წელი — 70 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 338 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 200 მილიონი;
  • 2015 წელი — 573 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 470 მილიონი;
  • 2016 წელი — 623 მილიონი ლარი. თავდაპირველი გეგმა — 570 მილიონი;
  • 2017 წელი — 700 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 660 მილიონი;
  • 2018 წელი — 760 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 713 მილიონი;
  • 2019 წელი — 765 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი;
  • 2020 წელი — 897 მილიონი ლარი, თავდაპირველი გეგმა — 754 მილიონი ლარი;

ამგვარად, ჯამურად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფუნქციონირებაზე 4.7 მილიარდი ლარია დახარჯული.

კომენტარები