რეკლამა

® ზრდასრულთა განათლების საუკეთესონი – 2020

უკვე წლებია, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი/GAEN ყოველი წლის ბოლოს ტრადიციულად მართავს შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელზეც განვლილი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ პირებს წარმოაჩენს. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა და შექმნილი რეალობდან გამომდინარე, მართალია, ჩვეული საზეიმო ღონისძიებით ვერა, მაგრამ Zoom-ის საშუალებით, დისტანციურად, მაინც საზეიმოდ და საინტერესოდ ჩატარდა 8 დეკემბერს. ონლაინ შეხვედრაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 90-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ DVV International-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლები, ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თორმეტივე წევრი ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციარები, ტრენერები, პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, მათ შორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

შემაჯამებელი ღონისძიება ქსელის დირექტორმა, ნინო ბაბალაშვილმა გახსნა. ქალბატონმა ნინომ 2020 წლის განმავლობაში ქსელის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება ზრდასრულთა განათლების ადვოკატირების, ლობირებისა და პოპულარიზაციის როლზე გაამახვილა; განსაკუთრებით გამოყო, ასევე, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრ 9 ცენტრთან თანამშრომლობით, პროფესიული მომზადების პროგრამის „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ განხორციელების უფლების მოპოვება, რაც წინგადადგმული ნაბიჯია ქსელისთვის ზრდასრულთა განათლების აღიარების საქმეში. ცენტრების ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღონ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კი ქსელის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ GAEN კვლავ გააგრძელებს წევრი ცენტრების ინსტიტუციურ განვითარებას, სტანდარტიზაციას, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვასა და მხარდაჭერას, საერთაშორისო პარტნიორობასა და ზრდასრულთა განათლების კონცეფციის პოპულარიზაციას.

ღონისძიების მონაწილეებს შემდეგ DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე მიესალმა. მან მადლობა გადაუხადა ქსელის წევრ ცენტრებს 2020 წლის სირთულეების მიუხედავად გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის და ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც სწავლების ონლაინ რეჟიმმა ცენტრებსა და ბენეფიციარებს მისცა. ქალბატონი ლალის თქმით, ონლაინ სწავლებაში საზღვარგარეთ წასული საქართველოს მოქალაქეებიც ჩაერთნენ, ხოლო ცენტრებმა სულ რაღაც 2-3 კვირაში მოახერხეს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.

ღონისძიების ყველაზე ემოციური ნაწილი კი, როგორც ყოველთვის, გახლდათ ზრდასრულთა განათლებაში წლის საუკეთესოთა დაჯილდოება, რომელიც ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ახლად შექმნილი ბენდის „კიდო ბანი“ სიმღერების თანხლებით წარიმართა. ტრადიციულ ნომინაციებს: „წლის საუკეთესო ცენტრი“, „საუკეთესო ბენეფიციარი“ და „საუკეთესო ტრენერი“, ამჯერად კიდევ ერთი ნომინაცია დაემატა - „საუკეთესო პარტნიორი“, რომელიც ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახალგაზრდულ პროგრამასთან და ისინი ერთობლივად გეგმავენ და ახორციელებენ ახალგაზრდულ აქტივობებსა და ტრენინგებს. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ახალგაზრდებისთვის განხორციელებული „პროექტის წერის“ ტრენინგები და სათემო ინიციატივებზე კონსულტირება პროექტების მომზადების პროცესში. საპროექტო განაცხადების მომზადების შემდგომ, ახალგაზრდებმა 6 საპროექტო ინიციატივა წარუდგინეს მუნიციპალიტეტის მერს, რომელთაგან 5 დაფინანსდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, რომელიც დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაიხადა მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული თანადგომის დაფასებისთვის და ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2020 წლის "საუკეთესო ბენეფიციარი“ სენაკის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარი ვენერა ლიპარტია გახდა. ქალბატონი ვენერა 15კმ.-ით დაშორებული სოფლიდან, ნოქალაქევიდან, დადის ცენტრში, თუმცა მუდამ ხალისიანი და ენერგიულია და წარმატების მაგალითს აძლევს თანასოფლელებს. მას აქვს საოჯახო მეურნეობა, რომლის ადმინისტრირებასაც ცენტრში ნასწავლი სხვადასხვა კურსის შედეგად მიღებული ცოდნით წარმატებით უძღვება. საკუთარი მეურნეობის ნაწარმს ყიდის ონლაინ და ამ პანდემიის პირობებში 2 თანასოფლელიც დაასაქმა.

"საუკეთესო ტრენერად“ ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი თამარ თუმანიშვილი დასახელდა. თამარს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ცენტრის განვითარებაში, აქტიურად მონაწილეობს ცენტრის საქმიანობის ყოველდღიურ ადმინისტრირებაშიც და მისი დამსახურებით ახალგაზრდული კომპონენტი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა მათ ცენტრში. იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საპროექტო წინანადების შემუშავებაში და ცენტის ბაზაზე მოქმედ ხის საწარმოში მომზადებული პროდუქტების პოპულარიზაციასაც კურირებს სოც. მედიაში.

2020 წლის "საუკეთესო ცენტრის“ ტიტული კი ჯვარის სათემო განათლების ცენტრმა მოიპოვა. მან 2 კვირაში სრულად შეძლო სერვისებისა და სასწავლო პროგრამების ონლაინ მიწოდება ბენეფიციარებისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის შეუფერხებელი ონლაინ ფუნქციონირება. წლის განმავლობაში ცენტრში ბევრი საინტერესო კურსი, ტრენინგი და აქტივობა ჩატარდა. ამავდროულად, იგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადახვა სათემო პროექტში, რითაც ადგილობრვ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს (იძულებით გადაადგილებული პირები) აძლიერებდა.

ამ ნომინაციას კიდევ ერთი რჩეული ჰყავდა - ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელიც 2020 წლის ყველაზე კრეატიულ ცენტრად დასახელდა. ცენტრმა წლის განმავლობაში უამრავი უნიკალური ხელნაკეთი ნივთი შექმნა და მათი გამოფენა-გაყიდვები მოაწყო. ცენტრში, ასევე, დაარსდა მუსიკალური ბენდი "კიდო ბანი“, რომელმაც ორიგინალური შესრულებით უკვე გააცნო თავი საზოგადოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ონლაინ წარიმართა, ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით მაინც შესაძლებელი გახდა წლის განმავლობაში ცენტრებში შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების ჩვენება და "კიდო ბანის“ მიერ შესრულებული მელოდიების მოსმენა, რამაც საზეიმო ელფერი და განწყობა შესძინა ღონისძიებას, რომლის მონაწილეებიც სასიამოვნო განწყობით, უკეთესი მომავლის იმედითა და ახალი გეგმებით დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

ავტორი: რიტა ბაინდურაშვილი

კომენტარები