გერმანიაში მათივე წარმოებულ ვაქცინას ევროკავშირის რეგულაციების გამო ვერ იყენებენ

გერმანიის მთავრობა ევროკავშირის სარეგულაციო სააგენტოსგან მოითხოვს, დაჩქარებული წესით განიხილოს და დაამტკიცოს გერმანულ-ამერიკული BIonTech-Pfizer-ის ვაქცინა. ინფორმაციას ამის შესახებ AP ავრცელებს

თავის მხრივ, სააგენტოში აცხადებენ, რომ ვაქცინის დასამტკიცებლად ისედაც დაჩქარებული წესით მუშაობენ. მსოფლიოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთია გერმანულ-ამერიკული Biontech-Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც უკვე ავტორიზებულია აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში, თუმცა ევროკავშირში არსებული რეგულაციების გამო ვაქცინას, ჯერჯერობით, ვერ იყენებს ვერც გერმანია და ვერც გაერთიანებაში შემავალი 27 ქვეყანა.

ვაქცინის ავტორიზაცია განსაკუთრებით აქტუალურია იმის ფონზე, რომ გერმანიაში ბოლო კვირების განმავლობაში რეკორდულად იზრდება ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. ჯანდაცვის ფედერალურმა მინისტრმა, იენს შპანმა საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობამ უკვე მოამზადა ვაქცინაციის 400 ცენტრი და 10 000 მედიკოსი, ქვეყანა მზად იყო ვაქცინაცია უკვე მომდევნო კვირიდან დაეწყო, თუმცა პროცესი რეგულატორის დაგვიანებული მოქმედებების გამო შეჩერდა. 

ვაქცინის საკითხზე რეგულატორის სხდომა 29 დეკემბერსაა ჩანიშნული. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა სააგენტოს ხელმძღვანელი, ემერ კუკი, მისი თქმით, "ევროპელებმა ჩვენ მოგვცეს მითითება, რომ მათ სურთ ვაქცინის სწრაფი ავტორიზაცია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათ სურთ ვაქცინის სარგებლისა და რისკების შეფასება, რადგან დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა ეფექტიანი და მაღალხარისხიანია."

ბოლო დღეების განმავლობაში გერმანიაში იზრდება როგორც ინფიცირების ახალი შემთხვევები, ასევე, გარდაცვალებისაც. მხოლოდ ორშაბათს გერმანიაში 16 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს 4 000-ით აღემატება. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 188 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამურად ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 22 000 გადასცდა.

მზარდი შემთხვევების ფონზე, უკვე ხვალიდან გერმანიაში ე.წ. საყოველთაო ლოქდაუნი ცხადდება, იხურება ყველა ტიპის დაწესებულება, მათ შორის კაფე-ბარები, რესტორნები, ტანსაცმლისა და სხვა პროდუქციის მაღაზიები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ახალი მკაცრი ზომები 10 იანვრამდე იმოქმედებს. 

კომენტარები