თბილისის მერია

OSGF აფრიკის დასახლებაზე: მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

ღია საზოგადოების ფონდი თბილისის მერიის მიერ აფრიკის დასახლებაში უნებართვოდ აშენებული შენობების ნგრევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს არ გააჩნია უსახლკარობის ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა და ამ პრობლემას ეფექტური სერვისებით ვერ პასუხობთ, უსახლკაროთა მიერ აშენებული შენობების დანგრევა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.

"მაშინ, როდესაც მთელს ქვეყანაში, პანდემიის ფონზე შეჩერებულია საცხოვრისიდან გამოსახლების აღსრულების პროცესი, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება დემონტაჟს განიხილავს მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევად ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულების უგულებელყოფით და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს გამოსახლებულ პირებს.

აღნიშნული, განსაკუთრებით მწვავეა დამძიმებული პანდემიური მდგომარეობის ფონზე. იმ პირობებში, როცა, შინ დარჩენის მოწოდების მიუხედავად, ათასობით ადამიანს არ გააჩნია თავშესაფარი პანდემიისგან მათი ოჯახების, მცირეწლოვანი ბავშვებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაცავად, თბილისის მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს და ყოველგვარი გარანტიების გარეშე, ქუჩაში ტოვებს ათობით ოჯახს, ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის წინაშე". – წერია განცხადებაში.

ღია საზოგადოების ფონდი თბილისის მერიას მოუწოდებს, რომ აფრიკის დასახლებაში შეწყვიტოს შენობების ნგრევის პროცესი.

"მოვუწოდებთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შეწყვიტოს აფრიკის დასახლებაში თვითდახმარების მიზნით აგებული შენობების ნგრევის პროცესი, არ დაარღვიოს ამ შენობებში მაცხოვრებელთა საცხოვრისის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და უზრუნველყოს ამ ადამიანების ღირსეული საცხოვრისის გარანტიები". – წერია განცხადებაში.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მერიის სპეციალური სამსახური უნებართვოდ აშენებულ სახლებს ანგრევს. მათ წინააღმდეგობას ადგილობრივი მოსახლეობა უწევს, რის გამოც ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე და თქვა, რომ "იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები" და მისივე თქმით, სინამდვილეში იქ მცხოვრებ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწები და ა.შ.

თავდაპირველად, კალაძემ უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟზე 25 ნოემბერს ისაუბრა. მაშინ მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა ქმედებები დაეწყოთ და "დავამთავროთ ეს უმსგავსობა."

26 ნოემბერს EMC-მ მერიას მოუწოდა, არ დაეწყოთ დემონტაჟის პროცედურები, დაეცვათ ამგვარ შენობებში მცხოვრები ადამიანები უსახლკარობისგან და უზრუნველეყოთ ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.

კომენტარები