ევროპარლამენტი

კუბილიუსი: პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში ეროვნულ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ

"სტრატეგიული ერთიანობა არის გასაღები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის". – წერს ევროპარლამენტარი და ევროსენატის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსი თვითერზე. კუბილიუსის თქმით, ეროვნული კონსენსუსი უნდა მოიცავდეს ისეთ მიზნებს, როგორიცაა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა და ეს პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით უნდა მოხდეს.

"მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოში ეროვნულ კონსენსუსს უნდა მიაღწიონ ქვეყნის ისეთ სტრატეგიულ მიზანზე, როგორიცაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც პარლამენტის სრულფასოვანი ფუნქციონირებით იქნება შესაძლებელი". – წერს კუბილიუსი.

ანდრიუს კუბილიუსი წერს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო მკაფიო ამბიციას აჩვენებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ქვეყნის წარმატება ამ მიმართულების შენარჩუნებით არამხოლოდ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოში მოვლენების განვითარებას ეფექტი ექნება პარტნიორ ქვეყნებზე აღმოსავლეთით, რუსეთზე და მთლიანად ევროპაზე.

კუბილიუსის აზრით, ეს არის გადამწყვეტი მომენტი დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკურ არასტაბილურობას კი, შესაძლოა, გრძელვადიანი ეფექტები ჰქონდეს საქართველოს მომავალზე.

7 დეკემბერს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ფასილიტატორების ჩართულობით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. თითქმის 6-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებს მოლაპარაკებების დეტალებზე არ უსაუბრიათ. მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება. 

4 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ამჯერად წერილობითი ფორმით წარადგინეს თავიანთი მოთხოვნები. მანამდე პარტიები დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ფასილიტატორ პარტნიორებს. ამის პარალელურად ოპოზიციური პარტიები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ ერთმანეთთან შეხვედრებს.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტი მოჰყვა. არჩევნების შედეგებს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა და არცერთი მათგანი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში არ შედის. ოპოზიციის საერთო მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა, რიგგარეშე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება.

მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება. თავდაპირველად ოპოზიცია ამ დღეს ფართომასშტაბიან აქციას გეგმავდა, თუმცა, მოგვიანებით ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ აქციას მხოლოდ თავად გამართავენ. 

 

კომენტარები