გირჩი

ხვიჩია: ჯაფარიძეს არასდროს დავმუქრებივარ, ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს მეგობრად დარჩეს

გირჩის თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას თქმით, ის ზურა ჯაფარიძეს არასდროს დამუქრებია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯაფარიძე მის მეგობრად დარჩეს.

დღეს, ზურა ჯაფარიძემ Facebook ჯგუფ გირჩის ბაბლში დაწერა, რომ მან და პარტიის სხვა დამფუძნებლებმა სახელისა და პეიჯის მათთვის დატოვება მოითხოვეს, რაზეც იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რაქვიაშვილმა მას "დაოკება" ურჩიეს და შემდეგ "განადგურებით" დაემუქრნენ.

"გირჩი არ არის არც იაგოსი, არც ვახოსი, არც ზურასი და არც არავისი. გირჩი არის გირჩი, მას აქვს თავისი იდეა და ის აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთაც იმ იდეის სჯერათ, რომელსაც გირჩი ატარებს. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ერთმანეთი მოსწონს თუ არა იმ ხალხს, ვისაც ამ იდეის სჯერა. მე ზურაბ ჯაფარიძეს არასოდეს არ დავმუქრებივარ, არ დავემუქრები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ჩემს მეგობრად დარჩეს". - თქვა იაგო ხვიჩიამ.

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ, ერთი მხრივ, მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა.

ამ დრომდე უცნობია, რა წესით გადაწყდება, ვინ დატოვებს პარტიას და ვინ დარჩება გირჩში.

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს, სადაც შანსი აქვს, ლანძღავს".

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა.

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები