გირჩი

ხვიჩია ჯაფარიძეზე: მგონია, რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება

"მე სად უნდა წავიდე? მე აქ დავიბადე და აქ ვცხოვრობ" – ასე პასუხობს გირჩის თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა პარტიის დატოვებას. 

ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ შიდა, თუმცა საკმაოდ დიდ Facebook-ჯგუფში დაპოსტა, რომ ერთი მხრივ მისი, ხოლო მეორე მხრივ, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის თანამშრომლობა დასრულდა. 

პარტიის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ პოსტი ნამდვილად ზურაბ ჯაფარიძეს ეკუთვნის, თუმცა არც მან იცის, ვინ წავა და ვინ დარჩება პარტიაში. 

"გუშინწინ მეგობრები ვიყავით, მგონია, რომ ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება". – ამბობს იაგო ხვიჩია. მისი განმარტებით, ეს პოსტი "საბაბი იყო, რის უკანაც რა დგას" მისთვის ცნობილი არაა და გარკვევას ცდილობს. 

ზურაბ ჯაფარიძის ამ პოსტს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას გუშინდელი Facebook-პოსტი, სადაც ის წერდა – "გირჩში არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ გირჩი ერთკაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს. ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს, ლანძღავს". 

29 ნოემბერს იაგო ხვიჩია შს სამინისტროს მიერ იმ პირის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მისი მწვავე კრიტიკა მისსავე განცხადებას მოჰყვა. 

"ანუ?" - დაწერა ხვიჩიამ - "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს".

კომენტარები