ეუთო-ოდირის დასკვნა

ეუთო-ოდირი: ყირგიზეთში არჩევნები ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების დაცვით ჩატარდა

Twitter

ეუთო-ორიდი ყირგიზეთში 2020 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიშს აქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები და პრეზიდენტის გადადგომა მოჰყვა და ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი შედეგები გააუქმა, ეუთოს შეფასებით, ის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების დაცვით ჩატარდა.

"არჩევნები გაუმჯობესებული კანონმდებლობით ჩატარდა და ძირითადად დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, კამპანია კონკურენტული და ძირითადად გამართულად ჩატარებული იყო, თუმცა არსებობს სარწმუნო ბრალდებები ხმების მოსყიდვაზე და ასევე კითხვები მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მიუკერძოებლობის თაობაზე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს". – ვკითხულობთ ანგარიშში.

ყირგიზეთისადმი ეუთოს რეკომენდაციები მოიცავს ხმების მოსყიდვის და ამომრჩევლებზე ძალადობის პრობლემის აღმოფხვრას, მედიის თავისუფლების და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას და კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

ისინი ყირგიზეთს ასევე მოუწოდებენ, უზრუნველყონ, რომ კანდიდატების რეგისტრაციიდან მოხსნა მხოლოდ მძიმე კანონდარღვევის შემთხვევაში მოხდეს და ამასთანავე იფიქრონ ახალი და მიმდინარე ამბების პროგრამებში საარჩევნო კამპანიის მასალის გაშვების აკრძალვაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნების დამკვირვებელი მისიის წევრთა რაოდენობა შეზღუდული იყო.

___

4 ოქტომბერს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების შედეგების გამოცხადებას მასშტაბური აქციები მოჰყვა, რადგან აღმოჩნდა, რომ 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16-დან მხოლოდ ოთხმა პარტიამ შეძლო. მანდატების ნახევარზე მეტი ორ პარტიას შორის გადანაწილდა. ერთ-ერთი მათგანი მოქმედი პრეზიდენტის, სოორონბაი ჟეენბეკოვის პარტია ერთობაა, მეორე კი პარტია ჩემი სამშობლო ყირგიზეთი, რომლის უკანაც მატრაიმოვების ოჯახი დგას. ამან მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მალევე აქციების განვითარებამაც რადიკალური მიმართულება მიიღო, მომიტინგეებმა აიღეს სამთავრობო შენობები და პატიმრობიდან გაათავისუფლეს ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი.

აქციების ფონზე ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. დედაქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

15 ოქტომბერს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა სოორონბაი ჟეენბეკოვი. მის მოვალეობას პრემიერმინისტრის პოსტზე პარლამენტის მიერ დანიშნული სადირ ჯაფაროვი ასრულებს.

ჯაფაროვი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც აქციების დაწყების შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს. ის სასჯელს გატაცებაში მონაწილეობისათვის იხდიდა. მის წინააღმდეგ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან კავშირის ბრალდებაც, რასაც ჯაფაროვი უარყოფს. ის ამბობს, რომ 2017 წელს პოლიტიკური მოტივებით დააპატიმრეს.

განმეორებითი არჩევნები, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი ელის, 20 დეკემბერს დაინიშნა, თუმცა შემდგომში გადადეს და სავარაუდოდ, 2021 წლის ივნისში, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე ტაბულა ყირგიზეთის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. ისინი ხაზს უსვამდნენ საარჩევნო დარღვევებს, მათ შორის ამომრჩევლებზე ზეწოლას, მათ სხვადასხვა ოლქში გადაყვანას ხმის მისაცემად და ზოგადად ქვეყანაში არსებულ კორუფციას და კლანურ მმართველობას.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში - მესამე რევოლუცია თუ კლანური დაპირისპირება? - რა ხდება ყირგიზეთში

კომენტარები