დავითგარეჯის საქმე

"ხმა ამოიღეთ!" – საგარეოსთან მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება

ფორმულა

საქართველოს საგარეო სამინისტროს შენობასთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარისა და წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია იმართება. აქცია სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ტარდება.

"საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ მოვედით, რომ აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა. 

საერთო ჯამში კი ეს აქცია ეძღვნება იმ მთავარ მოთხოვნას, რასაც ჰქვია ამ ორი ადამიანის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება". – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

აქციაზე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად იმყოფება ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერიაც. ბოკერიას თქმით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განსაკუთრებული უტიფრობისა და და ხელისუფლების პოლიტიკური ამოცანების მსხვერპლნი არიან.

"ძალიან სამარცხვინო სტანდარტითაც კი, რომელიც ივანიშვილმა დაამკვიდრა, ამ ორი ადამიანის დაკავება, როდესაც სხვა პოლიტპატიმრებიც გვყავს 8 მარტიდან, რურუა, ახლა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს კომისიაში, არის უტიფრობა და ეს ორი ადამიანი განსაკუთრებული უტიფრობის მსხვერპლია – მძევლები არიან.

პირდაპირ, სახეში შეურაცხყოფენ მთელ საზოგადოებას, რომ, რასაც გვინდა, იმას ვიზამთ პოლიტიკური ამოცანისთვის - ოპოზიციის დემონიზებისთვის. ეს არის საქმე იმის, თუ როგორი მომავალი ექნება ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, არა მარტო ამ ორ მსხვერპლს". – თქვა გიგა ბოკერიამ.

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დაუდგნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები