დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ბოლო 300 წლის განმავლობაში რეკორდულად შემცირდება

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მიმდინარე წელს ბოლო 300 წლის განმავლობაში რეკორდულად შემცირდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა მომავალი წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. 

"წელს ჩვენი ეკონომიკა 11.3%-ით შემცირდება, რაც ბოლო 300 წლის განმავლობაში წარმოების შემცირების რეკორდული მაჩვენებელია. დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე მოსალოდნელია, რომ ეკონომიკა ეტაპობრივად აღდგება – 2021 წელს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდება, 2022 წელს 6.6%-ით, 2023 წელს 2.3%-ით, 2024 წელს 1.7%-ით, 2025 წელს კი 1.8%-ით",– თქვა სუნაკმა. 

სუნაკის თქმით, კრიზისამდელ მოცულობას ქვეყნის ეკონომიკა 2022 წლის მეოთხე კვარტალისთვის აღადგენს. "მოსალოდნელია, რომ ეკონომიკურ ზიანს ხანგრძლივი ეფექტი ექნება და 2025 წლისთვის ეკონომიკის მოცულობა 3%-ით ნაკლები იქნება, ვიდრე მარტში, კრიზისის დაწყებამდე ვაკეთებდით პროგნოზს",– ამბობს რიში სუნაკი. 

კრიზისიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ასევე, რეკორდულად გაზარდა საგარეო და შიდა ვალი. სუნაკის თქმით, მიმდინარე წელს დიდი ბრიტანეთი 394 მილიარდ გირვანქა სტერლინგს ისესხებს, რაც ქვეყნის ისტორიაში მშვიდობიან დროს აღებული ვალის რეკორდული მაჩვენებელია და ჯამურად მშპ-ს 19%-ს შეადგენს. 

დიდ ბრიტანეთში ამ დრომდე ახალი კორონავირუსული ინფექციის 1.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. კოვიდ-19-ით ქვეყანაში 55 900 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

კომენტარები