დიდი ბრიტანეთი - რუსეთი

რუსეთმა "მაგნიტსკის აქტის" საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის 25 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

მარია ზახაროვა
RT

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთის 25 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, მათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალათ.

უწყების განცხადებით თანახმად, ეს პასუხია დიდი ბრიტანეთის მიერ ივლისში შემოღებულ სანქციებზე. 2020 წლის ივლისში მაგნიტსკის აქტის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის 25 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

"კვლავ მოვუწოდებთ დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობას, უარი თქვას უსაფუძვლო კონფრონტაციაზე ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ნებისმიერი არამეგობრული ნაბიჯი არ დარჩება გარდაუვალი, შესაბამისი პასუხის გარეშე". - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაში.

კონკრეტულად ვის დაუწესა რუსეთმა სანქციები, ჯერჯერობით, უცნობია.

2020 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქცირებულ პირთა სია გამოაქვეყნა, რომელიც მთელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და სხვადასხვა გახმაურებულ მკვლელობაში მონაწილე ადამიანებს ეხება.

სანქცირებულ პირთა სიაში, მაგნიტსკის აქტის ფარგლებში, რუსეთის 25 მოქალაქე მოხვდა, მათ შორისაა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდ ბასტრიკინი. ამ სიაში ასევე მოხვდნენ პირები, რომლებიც 2009 წელს აუდიტორისა და ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის საქმეში ფიგურირებდნენ. 

სანქციები დაუწესდათ, მაგნიტსკის საქმის გამომძიებელს, ციხის დირექტორს, საქმის პროკურორსა და სხვა პირებსაც.

სერგეი მაგნიტსკი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის პარტნიორი და თანამშრომელი იყო. მაგნიტსკიმ რუსეთის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისების სქემა გაშიფრა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს უკავშირდებოდა. ამის შემდეგ მაგნიტსკი გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით დააპატიმრეს. ის 2009 წლის 16 ნოემბერს მოსკოვში, მატროსკაია ტიშინას საპყრობილეში გარდაიცვალა.

კომენტარები