ბარაკ ობამა

ობამა მემუარებში 2008 წლის რუსული აგრესიისა და აშშ-ს სუსტი პასუხის შედეგებს განიხილავს

ბარაკ ობამა

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მემუარები გამოაქვეყნა. 17 ნოემბერს გამოიცა პირველი ნაწილი სახელწოდებით -"აღთქმული მიწა". ის მოიცავს 2011 წლამდე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ობამას მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას. მემუარებში ობამა იხსენებს რუსეთის ლიდერებთან შეხვედრებს. წიგნში არაერთხელ არის ნახსენები საქართველოს საკითხიც.

აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი იხსენებს 2009 წლის G20-ის სამიტზე რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან შეხვედრას.

"იმ პერიოდში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაბალ ნიშნულზე იყო. წინა ზაფხულს - მედვედევის პრეზიდენტად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში - რუსეთი მეზობელ საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, შეიჭრა და ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია მოახდინა, რამაც ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება გამოიწვია და გაიზარდა დაძაბულობა მეზობელ ქვეყნებში. ჩვენთვის ეს ნიშანი იყო, რომ იზრდებოდა პუტინის სითამამე და აგრესიული განწყობა, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობა და საერთაშორისო კანონების დარღვევა. ბევრი კუთხიდან ჩანდა, რომ მას ეს შერჩა: დიპლომატიური კონტაქტების შეჩერების გარდა, ბუშის ადმინისტრაციამ თითქმის არაფერი გააკეთა აგრესიის გამო რუსეთის დასასჯელად, დანარჩენმა მსოფლიომ კი მხრები აიჩეჩა და ცხოვრება გააგრძელა, რამაც რუსეთის იზოლაციის დაგვიანებული მცდელობები წარუმატებლობისათვის გაწირა. ჩემი ადმინისტრაციის იმედი იყო, რომ რუსეთთან ე.წ. "გადატვირთვას" მივაღწევდით, ჩვენი ინტერესების დასაცავად და რეგიონში ჩვენი პარტნიორების მხარდასაჭერად დაიწყებოდა დიალოგი და შედეგად მივიღებდით თანამშრომლობას ჩვენი მიზნებისაკენ მიმავალ გზაზე, რასაც ბირთვული იარაღის გავრცელების შეჩერება და განიარაღება წარმოადგენდა". - წერს ობამა.

ის აღწერს მედვედევთან სამიტის ფარგლებში გამართულ მოლაპარაკებებსაც და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი კრიზისში საქართველოს ადანაშაულებდა.

"მან უარყო ჩემი ყველა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ შეჭრა და ოკუპაცია საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო კანონებს არღვევდა და მითხრა, რომ ერაყში აშშ-ს ძალებისაგან განსხვავებით, რუსეთის ძალებს როგორც გამათავისუფლებლებს, ისე ხვდებოდნენ. ამის გაგონებისას გამახსენდა დისიდენტი მწერლის, ალექსანდრ სოლჟენიცინის სიტყვები, რომელიც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკას შეეხება: "ტყუილი იქცა არა მხოლოდ მორალურ კატეგორიად, არამედ სახელმწიფოს ბურჯად". თუმცა, თუ მედვედევის უარყოფა საქართველოს საკითხზე მახსენებდა, რომ ის ბოი სკაუტი არ იყო, შევამჩნიე, რომ პასუხისას მას რაღაც ირონიული განყენებული დამოკიდებულება ჰქონდა, თითქოს სურდა, მცოდნოდა, რომ რეალურად არ სჯეროდა ყველაფრის, რასაც ამბობდა". - იხსენებს ობამა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი წიგნში აღნიშნავს, რომ 2008 წლის ომის დროს ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკამ გავლენა მოახდინა ნატოს წევრ ქვეყნებზეც.

"საქართველოში რუსეთის შეჭრაზე ბუშის ადმინისტრაციის ნელთბილმა რეაქციამ მხნეობა წაართვა ნატოს წევრ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შეეძლო თუ არა ალიანსს მათი დაცვა რუსეთის მხრიდან მსგავსი აგრესიის შემთხვევაში."

ობამა იხსენებს ამავე წელს პრაღაში ვიზიტის დროს შეხვედრას ჩეხეთის ყოფილ პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველთან, რომელიც მას რუსულ აგრესიაზე ესაუბრა.

""რაღაც კუთხით, საბჭოთა კავშირი მარტივად უყურებდა ვინ იყო მტერი. დღეს ავტოკრატები უფრო რთულად უყურებენ საკითხს. ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას და ამავდროულად ძირს უთხრიან ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიას ხდის შესაძლებელს. ისინი მხარს უჭერენ თავისუფალ ბაზარს და ამავდროულად ჩართული არიან იმავე კორუფციაში, ნეპოტიზმში და ექსპლუატაციაში, რაც არსებობდა წარსულშიც". - მითხრა მან. ჰაველმა დამიდასტურა, ეკონომიკური კრიზისი კონტინენტზე ნაციონალისტურ ძალებსა და პოპულისტურ ექსტრემიზმს გააძლიერებდა და გამაფრთხილა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსია პუტინის მხრიდან დაშინებისა და რეგიონის საქმეებში ჩარევის მცდელობის მხოლოდ ყველაზე აშკარა გამოვლინება იყო. "აშშ-ს ყურადღების გარეშე თავისუფლება ევროპაში დაჭკნება". - მითხრა მან". – ასე იხსენებს ობამა ვაცლავ ჰაველთან შეხვედრას.

კომენტარები