პომპეოს ვიზიტი

ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს ხვდებიან

ტაბულა

ოპოზიციის ლიდერები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს წარმომადგენელს, ფილიპ რიკერს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისი იქნება. 

"გარდა იმ ტრადიციული საკითხებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. კერძოდ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და ნატოში გაწევრიანება. ბუნებრივია, განხილვის თემა იქნება შიდა პოლიტიკური კრიზისი და ჩვენი პოზიცია არის უცვლელი, ქვეყანაში არის კრიზისი, არის ნდობის დეფიციტი და ყველა ნორმალურ დემოკრატიაში ნდობის დეფიციტის გადასალახად იმართება არჩევნები ხალხის მანდატის მისაღებად. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. გავაცნობთ ჩვენს სტუმარს პოზიციას, მოვისმენთ მის არგუმენტებსაც და ვფიქრობთ, რომ ნამდვილად მოვახერხებთ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან გვქონდეს შეჯერებული და კოორდინირებული ურთიერთობა". – ამბობს ბაქრაძე. 

მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლის საკითხი უცვლელია და არ განიხილება. 

"ის, რომ არჩევნებზე იყო უმძიმესი დარღვევები, დადასტურებულია, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. რამდენად მისაღებია ასეთი დარღვევების პირობებში პარლამენტის ლეგიტიმაცია, ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების გადასაწყვეტი. ამიტომ, ვისაუბრებთ იმ უმძიმეს დარღვევებზე, რამაც შექმნა კრიზისი, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, რადგან პარლამენტში არშესვლა არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი არჩევანი იქნებოდა ნორმალური არჩევნების ჩატარება, პარლამენტში შესვლა და თუნდაც, წაგების აღიარება, როგორც ეს წინა არჩევნებზე იყო, ოღონდ ნორმალურ არჩევნებში. თუმცა, რაც მოხდა, შეუძლებელი გახადა ამ გზის გავლა".- ამბობს ბაქრაძე. 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს შეხვედრები გაიმართა საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

 

ქვეყნის დატოვებამდე პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყვნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ეს ორგანიზაციებია: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ

კომენტარები