ტოლერანტობის ცენტრი

ტოლერანტობის ცენტრი 15 წლისაა - ნახეთ მიმართვა

ombudsman.ge

სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის ცენტრის, რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების 15 წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელშიც საუბარია ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის პერიოდში მიღწეულ შედეგებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ამ კუთხით ჯერ კიდევ არსებობს.

"სახალხო დამცველის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს კოორდინირებული მუშაობით, ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად დაიწყო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევების თამამი მხილება და აღნუსხვა, სახელმწიფოსგან ასეთ შემთხვევებზე რეაგირების მოთხოვნა.

შესაძლებელი გახდა რელიგიასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული კანონმდებლობის დიდი ნაწილის გაუქმება, რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ლიბერალური რეჟიმის შემოღება, სასჯელაღსრულების სისტემაში ღვთისმსახურთა დაშვების დისკრიმინაციული წესის შეცვლა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კრიმინალიზაციის ინიციატივისთვის ერთსულოვანი წინააღმდეგობის გაწევა, რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ სპეციალური კანონის მიღების მცდელობათა ფართო წინააღმდეგობა, სკოლებში რელიგიის ცალმხრივი, დისკრიმინაციული ხასიათის სწავლების შემოღებისთვის ხელის შეშლა". - წერია განცხადებაში.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციები საფუძვლად დაედო საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად ბოლო 15 წელიწადში განხორციელებულ შემდეგ სახელმწიფო პროგრამებსა და აქტივობებს: 

  • სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს რეკომენდაციებისა და წინადადებების შესაბამისად, ჩამოყალიბდა ტოლერანტობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა
  • ჩამოყალიბდა და გაძლიერდა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების სისტემა
  • ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა სასკოლო სახელმძღვანელოები და ხელი შეეწყო თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებას
  • დაიწყო არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგების მომზადება/გადამზადება; ეროვნული უმცირესობებისთვის შემოღებულ იქნა უმაღლესი განათლების ე.წ. 1+4 სისტემა
  • მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობებისთვის სასკოლო განათლების ფარგლებში დაინერგა მშობლიური ენის სწავლება
  • განსაკუთრებული ყურადღება მიექცა თბილისის სომხური და აზერბაიჯანული თეატრების რეაბილიტაციის საკითხს
  • რესტავრაცია ჩაუტარდა ეთნოგრაფიულ მუზეუმში ე.წ. ოსურ სახლს
  • მხარდაჭერილ იქნა ნინოწმინდაში ე.წ. "სიროტსკი დომ-ი"
  • ქვემო ქართლის მეჩეთების ნაწილი შეტანილ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობების ძეგლთა ნუსხაში
  • მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ეროვნული უმცირესობების ინფორმირების სისტემის განვითარებისკენ
  • საარჩევნო-პოლიტიკურ პროცესებში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით, ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა საარჩევნო დოკუმენტაცია და განხორციელდა სხვადასხვა პროგრამა

განცხადების თანახმად, დღეს ბევრი მიმართულებით არ არის დაძლეული სისტემური დისკრიმინაცია, იქნება ეს კანონის უზენაესობის დაცვა, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში უთანასწორო გარემო, ძალადობა თუ შეუწყნარებელი სტერეოტიპების საფუძველზე ჩამოყალიბებული სოციალური განწყობები, რომლებიც უმცირესობებს სტუმრებად, უცხოებად, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ან სულაც ქვეყნისთვის მტრულ ძალად წარმოაჩენს. უმცირესობათა წარმომადგენლები სრულყოფილად ისევ არ არიან ჩაბმულნი ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

"ამ სისტემური პრობლემების დაძლევის გარეშე, ჩვენ ვერ ავაშენებთ თავდაჯერებულ, ძლიერ, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისმცემელ საქართველოს, რომელზეც ჩვენი სახელოვანი წინაპრები დავით აღმაშენებელი, სულხან-საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, იაკობ გოგებაშვილი, ოვანეს თუმანიანი, მემედ აბაშიძე, ფარიხან სოფიევა ოცნებობდნენ. ვერ ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ნამდვილად გამორჩეული იქნება ტოლერანტობის კულტურით და ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების დაცვასა და განვითარებას.

დღეს აუცილებლად უნდა შევახსენოთ ერთმანეთს, შევახსენოთ ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავდგეთ ერთად ადამიანის უფლებათა შელახვის, შეუწყნარებლობის, დამცირების, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ". – წერია ტოლერანტობის ცენტრის მიმართვაში.

კომენტარები