კორონავირუსი საქართველოში

652 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 329 – მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ახალი კორონავირუსის 16 887 აქტიური შემთხვევიდან 652 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 317 თბილისში მკურნალობს, 159 იმერეთში, ხოლო 103 – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 329 ინფიცირებული იმყოფება, 162 – თბილისში, 90 – აჭარაში.

საავადმყოფოებში სულ 4 918 ადამიანი მკურნალობს, 3 311 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 8 658 – ბინაზე.

12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 69 681 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 52 169 გამოჯანმრთელდა, 599 კი გარდაიცვალა. სულ 16 887 აქტიური შემთხვევაა.

მესამე თვეა, ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა. ასევე, ქვეყნის დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

კომენტარები