კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევიდან 638 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 316 თბილისში მკურნალობს, 100 – აჭარაში. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 293 პაციენტი იმყოფება, 150 – თბილისში, 94 – აჭარაში.
15 332 აქტიური ინფიცირებულიდან 4 489 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 2 446 პირი კოვიდ-სასტუმროში, 8 397 კი – ბინაზე.
5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 33 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 401 კი გარდაიცვალა. სულ 15 332 აქტიური შემთხვევაა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ. პირბადის გაკეთება კი ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.





