სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდნენ

Reuters

მთიანი ყარაბაღის კინფლიქტზე მოლაპარაკებებისთვის სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ჟენევაში ჩავიდნენ. მინისტრები შეხვდებიან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარე ქვეყნების, საფრანგეთის, აშშ-სა და რუსეთის, წარმომადგენლებს.

მინისტრების ჩასვლა ჟენევაში ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დაადასტურეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ თურქეთი, რომელმაც კონფლიქტის მონაწილეობაში უფრო აქტიური როლი მოითხოვა, ჩართული უნდა იყოს მოლაპარაკებებში ბრძოლის შეწყვეტის შესახებ.

ხუთშაბათს ვლადიმირ პუტინმა ასევე თქვა, რომ რუსეთი ღიაა შესაძლებლობისთვის, აზერბაიჯანს გადაეცეს მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებული 7 რეგიონი, რომელსაც სომხეთი აკონტროლებს.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს, ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში ორივე ქვეყნის, აზერბიაჯანისა და სომხეთის თანხმობის შემთხვევაში შევიდოდნენ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 27 სექტემბერს დაიწყო. ბოლო ინფორმაციით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანმა აიღო სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქი გუბადლი, რომელიც ირანის საზღვართან მდებარეობს.

რუსული მედიის ინფორმაციით, სომხეთის სოფელ ტეღთან, რომელიც ყველაზე ახლო პუნქტია ლაჩინის დერეფანთან, რუსეთის მცირე სამხედრო პოსტი აღიმართა, რომელიც რამდენიმე კარვისგან შედგება.

პოსტის არსებობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ რუსეთს და სომხეთს.

ირანის საზღვართან მდებარე ტერიტორიების დაკავების შემდეგ აზერბაიჯანი თავდასხმას სწორედ ლაჩინის მიმართულებით აგრძელებს. ეს დერეფანი აკავშირებს სომხეთს მთიანი ყარაბაღის რეგიონთან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით აზერბაიჯანის თავდასხმა მოიგერიეს.

27 სექტემბერს კონფლიქტის დაწყების შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლის შეწყვეტის სამ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა არ შეუსრულებიათ. ბოლო შეთანხმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ძალაში 26 სექტემბერს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლიდან მალევე, მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

კომენტარები