უკრაინა

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს

Reuters

25 ოქტომბერს უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლების შედეგებით  ქალაქების უმეტესობაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია ოპოზიციურ მეტოქეებთან მარცხდება.

უკრაინის ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობა 36.88% იყო. იგივე მაჩვენებელი 5 წლის წინ ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში 47% იყო.

ზელენსკის პარტიამ, ხალხის მსახური, საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა ბოლო პერიოდში ზელენსკისა და მისი პარტიის პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა. ექსპერტების აზრით, ზელენსკის პარტია თითქმის ყველა რეგიონში კარგავს პოლიტიკური ლიდერის პოზიციას. 

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულთა 17% უჭერდა მხარს ხალხის მსახურს. მეორე ადგილზე 14%-ით იყო ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის, მესამე ადგილზე ევროპული სოლიდარობა, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული პარტია, 13%-ით გავიდა.

ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარებულა 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სეპარატისტულ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში.

ეგზიტპოლების შედეგებით ამ ეტაპზე დედაქალაქ კიევში ვიტალი კლიჩკო 47,8%-ით ლიდერობს. თავად კლიჩკოს არჩევნებში ხმა არ მიუცია, რადგან თვითიზოლაციაში იმყოფება.

მერობის დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად ნაწილდება: ოლეკსანდრ პოპოვი (ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის) - 8.6%; სერგი პრიტულა (ხმა) - 8.3%; ირინა ვერეშჩუკი (ხალხის მსახური) - 6.3%. დანარჩენმა კანდიდატებთა ხმების 5%-ზე ნაკლები მოაგროვეს.

კიევის საკრებულოში პარტიების მხარდაჭერა შემდეგნაირად ნაწილდება: კლიჩკოს პარტია უდარ-ი 21.3%, ევროპული სოლიდარობა - 18%; ხალხის მსახური - 9.5%; ხმა - 7.2%; ოლეკსანდრ ომელჩენკოს გაერთიანება - 6.8%, ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის - 6.7%

ეგზიტპოლების შედეგებით, ხარკოვის მერი გენადი კერნესი გახდება. კერნესმა (ბლოკი კერნესი - წარმატებული ხარკოვი) ხმათა 57.9% მოიპოვა, ოლექსანდრ ფელდმანმა (ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის) -12.12%, ოლეკსი კუჩერი (ხალხის მსახური) 11,98%

ამჟამინდელი მონაცემებით, ოდესაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქალაქის ამჟამინდელმა მერმა გენადი ტრუხანოვმა (ოპოზიციური ბლოკი) 34.4% მოიპოვა, მიკოლა სკორიკმა (პარტია უკრაინის განვითარება) - 17.93%, ხოლო ოლეგ ფილიმონოვმა (ხალხის მსახური) - 13.75%

ეგზიტპოლის შედეგებით ლვოვში 38%-ით ლიდერობს ქალაქის ამჟამინდელი მერი ანდრი სადოვი (თვითდახმარება), ოლეგ სინუტკამ (ევროპული სოლიდარობა) - 28%. ლვოვში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

მარიუპოლში ეგზიტპოლის შედეგებით ქალაქის მერი ვადიმ ბოიჩენკო (ოპოზიციური ბლოკი) ხდება, მან ხმების 69.05% მოიპოვა.

არჩევნების საბოლოო შედეგები 3-5 დღის ვადაში იქნება ცნობილი.

ეს არჩევნები კორონავირუსის პანდემიის შემდეგ უკრაინაში ჩატარებული პირველი არჩევნებია. საარჩევნო უბნები სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერებით იყო აღჭურვილი და დამკვირვებლები ნიღბებსა და ხელთათმანებს ატარებდნენ. ხმის მიცემამდე ამომრჩევლებს ტემპერატურას უზომავდნენ, ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა სავალდებულო იყო.

კომენტარები