ახალი მიკროავტობუსები

ახალ მიკროავტობუსებში თანხის გადახდას მხოლოდ ბარათით შეძლებთ

ახალ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ ელექტრონული ბარათით, მგზავრობის დასაწყისში იქნება შესაძლებელი. იგივე ეხება იმ 10 დერეფანს, სადაც ახალშემოყვანილი 10 და 12-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. თქვა ამის შესახებ ახალი სატრანსპორტო ქსელის პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ .

"მიკროავტობუსებში მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითაც მოხდება იმის პრევენცია, რომ მოხდეს მიკროავტობუსის გრაფიკიდან გადაცდომა და მგზავრების ფეხზე დგომა, ანუ რაოდენობის გადაჭარბება. ყველას გვიმგზავრია მიკროავტობუსით და ვიცით, რომ თავიდან ნელა ატარებენ, მეტი მგზავრი რომ ჩასვან," - განაცხადა პრეზენტაციაზე თბილისის მერის მოადგილემ და აღნიშნა, რომ მიკროავტობუსებს GPS და მგზავრების მთვლელი სისტემებით გააკონტროლებენ.

თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავაზე მომუშავე მიკროავტობუსი იყიდა. 200 მიკროავტობუსი დედაქალაქში უკვე შემოვიდა.

თბილისის მერიის ცნობით, ახალი მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით  გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები.

"მძღოლისა და მგზავრების  ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე" - აცხადებს თბილისის მერია.

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, ე.წ. ყვითელი მარშრუტკები ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

"რაც შეეხება ზოგადად მიკროავტობუსებს, დაახლოებით 3000 მიკროავტობუსი  გადაადგილდებოდა ქალაქში სხვადასხვა უბნებსა და რაიონებში. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში  ეს რიცხვი განახლდება და დაახლოებით 1200-იდან 1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა ერთმანეთთან თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ ახალი ტრანსპორტის პრეზენტაციაზე. 

კომენტარები