თბილისის მერია

კალაძე: თბილისში მიკროავტობუსების რაოდენობა 2-ჯერ შემცირდება, მეტის საჭიროება არ არის

თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის, დიზელის ძრავზე მომუშავე მიკროავტობუსი იყიდა. მათი ნაწილი - 200 მიკროავტობუსი - დედაქალაქში უკვე შემოვიდა.

თბილისის მერიის ცნობით, მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით,  გათვლილია 17 მგზავრზე. მძღოლისა და წინა მგზავრისათვის განსაზღვრულია უსაფრთხოების ბალიშები, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ყველა სავარძელზე დამონტაჟებულია სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედები.

"მძღოლისა და მგზავრების  ფანჯრები იღება ელექტრონულად. მიკროავტობუსები აღჭურვილია თბილისის კლიმატზე გათვლილი გათბობა-კონდიცირების სისტემებით, გარდა ამისა, აქვს AM/FM რადიო და AUX, USB შესაერთებლები. მიკროავტობუსების სრულად შემოყვანისთვის განსაზღვრულია 180 კალენდარული დღე" - აცხადებს თბილისის მერია.

დედაქალაქის მერის, კახი კალაძის თქმით, ე.წ. ყვითელი მარშუტკები ეტაპობრივად ჩანაცვლდება.

"რაც შეეხება ზოგადად მიკროავტობუსებს, დაახლოებით 3000 მიკროავტობუსი  გადაადგილდებოდა ქალაქში სხვადასხვა უბნებსა და რაიონებში. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში  ეს რიცხვი განახლდება და დაახლოებით 1500-1200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო“, - განაცხადა კახა კალაძემ ახალი ტრანსპორტის პრეზენტაციაზე. 

კომენტარები