კორონავირუსი საქართველოში

მთავრობა: სულ 372 მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 იმყოფება

armenpress.am

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 372-ის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 186 მკურნალობას თბილისში გადის, 75 კი – აჭარაში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პაციენტი იმყოფება, 52 თბილისში მკურნალობს, 11 – აჭარაში. 

ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის  შემდეგ გაკეთდა. 

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი. 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში აღირიცხა, 369 – აჭარაში, 295 – იმერეთში,  ქვემო ქართლში – 76, სამეგრელო ზემო სვანეთში – 66, მცხეთა-მთიანეთში – 23, შიდა ქართლში – 23,  კახეთში – 20, სამცხე ჯავახეთში – 18, გურიაში - 15,  რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1. 

ქვეყანაში ჯამში, COVID-19-ით ინფიცირების 21 208 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 9 003 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 172 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები