სასტუმრო Holiday Inn კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს

სასტუმრო Holiday Inn Tbilisi

აჭარა ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრის, ნინო ზამბახიძის თქმით, სასტუმრო "Holiday Inn"ახალი კორონავირუსის მსუბუქი ფორმით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. ეს ინფორმაცია ცნობილი გახდა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და პრემიერს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

"ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან გვქონდა კარგი გამოცდილება. სწორედ პანდემიის პერიოდში "ჰოლიდეი ინი" გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეყვანა ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულებისთვის მიღების სერვისიც. ეს ჩვენთვის, როგორც ბიზნესისთვის, ძალიან კარგია, ამავდროულად კომფორტულ გარემოს უქმნის იმ ადამიანებს, ვისაც სუსტად აქვს ეს დაავადება გამოვლენილი და შესაბამისად, არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მაგრამ ამავდროულად კომფორტულ გარემოში შეუძლიათ, გადაიტანონ იოლი ფორმებით გამოვლენილი ეს დაავადება". – ამბობს ნინო ზამბახიძე.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 194 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი. სულ ვირუსს 158 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღევანდელი, 20 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ COVID-19-ით ინფიცირების 19 857 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, იმერეთსა და უკვე მცხეთაშიც, რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები