კრემლი: პუტინმა და ერდოღანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი
Euractiv

კრემლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. მათ მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირება განიხილეს.

"ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას სისხლისღვრის დასრულების და მთიანი ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტისათვის". - ნათქვამია განცხადებაში.

პუტინმა შეშფოთება გამოხატა კონფლიქტში ახლო აღმოსავლეთიდან ჩართული მებრძოლების თაობაზე. თავის მხრივ, ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის საკითხის პერმანენტულ გადაწყვეტას. მან სომხეთი დაადანაშაულა "ყარაბაღის სამუდამო ოკუპაციის" მცდელობაში.

სომხეთი თურქეთს აზერბაიჯანის ღიად დახმარებაში და იარაღის და სამხედრო ძალის მიწოდებაში ადანაშაულებს, მათ შორის საუბარია აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნაზე, რასაც აზერბაიჯანი უარყოფს.

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა. მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე მოსკოვში 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ, თუმცა შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთი იმავე დღეს დაადანაშაულეს.

კომენტარები