ბელარუსი

ბელარუსის პოლიციამ აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო

Reuters

ბელარუსის პოლიციამ აქციების დასაშლელად, საჭიროების შემთხვევაში, საბრძოლო იარაღის გამოყენების უფლება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

"პროტესტები, რომლებმაც ძირითადად მინსკში გადაინაცვლა, გახდა ორგანიზებული და ძალიან რადიკალური. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და შინაგანი ჯარების სამხედრო სამსახურის წევრები არ დატოვებენ ქუჩებს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ აღჭურვილობასა და საბრძოლო იარაღს". – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

უწყებამ დაადასტურა, ბოლო აქციების დაშლის დროს სასიგნალო პისტოლეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამ დრომდე ბელარუსში აქციების დასაშლელად საბრძოლო იარაღის გამოყენების შემთხვევები არ აღნიშნულა. საპროტესტო დემონსტრაციების დასაშლელად პოლიცია წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს, ხმოვან ყუმბარებსა და ხელკეტებს იყენებდა. აქციების დაშლის დროს, უფლებადამცველების ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი ადამიანი.

11 ოქტომბერს ბელარუსის მასშტაბით საპროტესტო აქციები - "სიამაყის მარში" გაიმართა. აქციებში მონაწილეობა ათიათასობით ადამიანმა მიიღო. დემონსტრაციებზე 713-მდე ადამიანი დააპატიმრეს. აქციები მომდევნო დღემდე გაგრძელდა. მინსკის ზოგიერთ რაიონში აქტივისტები გზებს კეტავდნენ და საბურავებს წვავდნენ.

11 ოქტომბრის აქციის დაწყებამდე პოლიციამ ბელარუსული და რუსული მედიის სულ ცოტა 17 ჟურნალისტი დააპატიმრა. ინფორმაცია ამის შესახებ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციამ გაავრცელა. დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არიან რუსული მედიის TASS-ის სამი ჟურნალისტი, Tut.by-ის ჟურნალისტი და БелаПАН-ის ჟურნალისტები. TASS-ის ინფორმაციით, ამ გამოცემების თანამშრომლები მალევე გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსში ორი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტი მეექვსე ვადით გახდა. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციების დაწყების შემდეგ ქვეყანაში 12 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

კომენტარები