საგარეო: მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, განცხადებით ეხმაურება მას და წერს, რომ საქართველო მიესალმება ამ შეთანხმებას. 

"საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას". – წერს საგარეო სამინისტრო. 

განცხადებაში დავით ზალკალიანის უწყებას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება რუსეთში დაიდო, იმ ქვეყანაში, რომელიც თავის მხრივ, საქართველოსთან მიმართებით არ ასრულებს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის მოსკოვში დაწყებული შეთანხმება 10 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რის შედეგადაც, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უძღვებოდა. 

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოგრაბ მნაცკანიანი და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიხუნ ბაირამოვი მოსკოვში მას შემდეგ ჩავიდნენ, რაც წინა დღით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ორივე მხარეს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. 

რაზე შეთანხმდნენ მხარეები წაიკითხეთ აქ. 

მთიან ყარაბაღში ომი 27 სექტემბერს განახლდა, ომი აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად მიმდინარეობს. მხარეებს შორის წინა დაპირისპირებებისგან განსხვავებით, მიმდინარე კონფლიქტში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება დრონები და უპილოტო საფრენი აპარატები. 

ასევე, გამოიყენება არტილერია, მძიმე ჯავშანტექნიკა და სარაკეტო სისტემები, დაღუპულია ათეულობით ადამიანი. 

კომენტარები