შეწყდეს კარტოგრაფების საქმე! – ამ მოთხოვნით დღეს, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო მოძრაობები სირცხვილია და რუსეთი ოკუპანტია.
აქცია საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილისა და წევრის, ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერად იმართება, რომლებსაც 8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
ამავე თემაზე წაიკითხეთ:
- რას ჰყვება არქიმანდრიტი კირიონი დავითგარეჯაზე: "რომ არა ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება"
- რა ვიცით პირზე, ვინც ამბობს, რომ დავით-გარეჯის რუკები სახელმწიფოს გადასცა
- მელაშვილი: ვერც გაქცეული, ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია
- ილიჩოვა: დიდი ხანია კომისიაში ვართ, კანონის წინააღმდეგ ერთი ქმედებაც არ განგვიხორციელებია