რუსეთი

რუსეთში, ხაბაროვსკში პროტესტის 92-ე დღეს აქციას შლიან და მომიტინგეებს აკავებენ [VIDEO]

10 ოქტომბერს რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში კიდევ ერთხელ გაიმართა მთავრობის საწინააღმდეგო, დაკავებული გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი აქცია.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პროტესტის 92-ე დღეს აქციას შლიან და მომიტინგეებს აკავებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ათეულობით პირი დააკავეს. 

"სირცხვილი!" - გაიძახიან მომიტინგეები.

"როდესაც ხაბაროვსკში ქალაქის ნახევარი გამოვიდა ქუჩებში, ისინი ტარაკანებივით იმალებოდნენ. სამი თვე მოიცადეს, ხალხი შეთხელდა, ისინი უფრო გათამამდნენ, გავიდნენ და უმიზეზოდ დაიწყეს ხალხის ცემა," - ვკითხულობთ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის Twitter-ის გვერდზე.

ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი წერს, რომ ხაბაროვსკში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოუშვეს - "ხელისუფლებას სხვანაირად არ შეუძლია ხალხთან საუბარი".

შეგახსენებთ, რომ დაკავებული გუბერნატორი, სერგეი ფურგალი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია, რომელმაც გუბერნატორის არჩევნებში მმართველი ძალის, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატი დაამარცხა. მას ბრალად ედება 2004-05 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზება. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივებით აღიძრა.

გასულ კვირებში გამართული აქციების შემდეგ ფურგალის ადვოკატმა მომიტინგეებს მოუწოდა, რომ მისი მხარდამჭერი აქციები აღარ გამართონ. როგორც ადვოკატმა მედიას უთხრა, გუბერნატორი ხალხის მხარდაჭერას აფასებს, მაგრამ არალეგალურ შეკრებებს არ ემხრობა.

ივლისის ბოლოს პუტინმა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დაასახელა მიხაილ დეგტიარიოვი, მაგრამ მომიტინგეებს მის მიერ წამოყენებული კანდიდატურა არ მოსწონთ, რადგან მას რეგიონთან კავშირი არა აქვს და მის გადადგომას მოითხოვენ.

30 ივლისს დეგტიარიოვი ირწმუნებოდა, რომ ხაბაროვსკის აქციებზე პროვოკატორები საქართველოდან არიან.

ცენტრ Levada-ს გამოკითხვით, რუსების 45% ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში, ხაბაროვსკის აქციების მონაწილეებს პოზიტიურად უყურებს, 17% - ნეგატიურად, 26%-ის შეხედულება ნეიტრალურია, ხოლო11%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

ცენტრის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 23% ასახელებს პუტინს პოლიტიკოსად, რომელსაც ენდობიან.

კომენტარები