დავით გარეჯის საქმე

ბოკერია დავითგარეჯაზე: რუსული ნარატივია, თითქოს საქართველოს მტერი მხოლოდ რუსეთი არაა

ფოთში, ხობსა და სენაკში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან დავითგარეჯის თემის წინ წამოწევა რუსულ ინტერესებს ემსახურება. 

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, საზოგადოებაში შექმნას წარმოდგენა, რომ მეზობელი აზერბაიჯანი საქართველოს მტერია და ოკუპანტი მხოლოდ რუსეთი არ არის.

"ამ კამპანიის გაღვივება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა ოკუპანტია, პარალელები რუსეთთან, რომ იქ აფხაზეთივითაა ეს. დავიწყება იმის, რომ ეს საბჭოთა ოკუპაციის მემკვიდრეობაა საქართველოსი და აზერბაიჯანის, ორივე შემთხვევაში. რუსულმა საბჭოთა ოკუპაციამ მოგვიტანა ეს გაურკვევლობა. 

ეს არის პირდაპირი რუსული ნარატივი, თითქოს საქართველოს ერთი მტერი რუსეთი კი არ ჰყავს, ყველანი მტრები არიან და ამით უნდა მოხდეს ნიველირება რუსეთის ფაქტორის და ქვეყნის შიგნით სამოქალაქო მშვიდობის დაქცევა. მეორე გეგმა არის საარჩევნო პერიოდში ივანიშვილის ტრადიციული ამოცანა, დემონიზება მთლიანად ოპოზიციის წინა ხელისუფლების ქოლგის ქვეშ". - ამბობს ბოკერია. 

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი, ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.  

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები