დავითგარეჯის საქმე

სააკაშვილი მელაშვილის დაკავებაზე: ცდილობენ გადაფარონ ის უბედურება, რაც ქვეყანაში ხდება

UNIAN

"ის, რასაც უკეთებენ ახლა ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, ეს არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც ხდება საქართველოში". – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას დაკავებას.

სააკაშვილმა facebook-ზე ვიდეო გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოში "ხელისუფლება მშვიდობიანი გზით მალე შეიცვლება".

"სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ერთი ახირებული ფეოდალის საკუთრებად გადაქცევა მთელი ქვეყნის - ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც 3 წლის ბავშვიც არ დაიჯერებს. 

მე მინდა, ვუთხრა ბატონ ივერის და მთლიან საქართველოს: სულ ცოტა კიდევ გაძელით, ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება, საქართველოში ყველაფერი შეიცვლება,საქართველო დაიწყებს წინ მოძრაობას დიდი ტემპით და ვერავინ შეძლებს, შექმნას ქაოსი და არეულობა, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. საქართველოში მოხდება ხელისუფლების ცვლა მშვიდობიანი გზით და ამას წინ ვერ დაუდგება ვერანაირი სიცრუე და მანიპულაცია". – ამბობს სააკაშვილი. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. ის ამბობდა, რომ 1938 წლის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა.

კომენტარები