აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

Reuters

აშშ, რუსეთი და საფრანგეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დაუყოვნებლივ და უპირობო შეთანხმებისაკენ მოუწოდებენ. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე  ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ამის თაობაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კონფლიქტის ესკალაცია, მათ შორის სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღება რეგიონის სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

"მინისტრები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ და წინასწარი პირობების გარეშე შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა კრემლმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას განიხილა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

კომენტარები