სომხეთი-აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში: ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს. საელჩო მოქალაქეებს ასევე მოუწოდებს, რომ გაგებით მოეკიდონ მდგომარეობას, გამოიჩინონ სიფხიზლე შესაძლო პროვოკაციების მიმართ და იმოქმედონ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში.

"ამ მოვლენების მიმდინარეობის ბოლო საბედისწერო დღეებში საქართველოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მხრიდან საელჩოში შემოდის უამრავი მიმართვა სხვადასხვა სახის დახმარებისა და შემოწირულობის შემოთავაზების, მოხალისედ ჩაწერის სურვილის თაობაზე. საელჩო მიმართავს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მათ ორგანიზაციებს და ღრმა მადლიერებას გამოხატავს გამოჩენილი პატრიოტიზმის, თავგანწირვისა და სოლიდარობისათვის. თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

აზერბაიჯანის სახელმწიფოს და შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ყველა საჭირო შესაძლებლობა მათ წინაშე მდგომი მოვალეობისთვის თავის გასართმევად. ამ თვალსაზრისით, ქვეყნის გარედან მოხალისეთა ჩართვის საჭიროება არ არსებობს.

არსებულ ვითარებაში მოგიწოდებთ, რომ გაგებით მოეკიდოთ მდგომარეობას, გამოიჩინოთ სიფხიზლე, არ წამოეგოთ შესაძლო პროვოკაციებს და იმოქმედოთ საქართველოში მიღებული ნორმებისა და კანონების ფარგლებში. თქვენი მორალური მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, ამ დღეებშიც აზერბაიჯანის გვერდით დგომა აშკარაა.

საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირების ოჯახებს და ახლობლებს. მარადიული იყოს სამშობლოს ხსნისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნა, სამოთხეში განისვენონ მათი სულები!" – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

კომენტარები