სომხეთი-აზერბაიჯანი

ზურაბიშვილი: ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ძალები რეგიონში მშვიდობისა და დეესკალაციისთვის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს ეხმაურება და ევროკავშირს მიმართავს. ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები რეგიონში მშვიდობისა და სიტუაციის დეესკალაციისთვის. სალომე ზურაბიშვილი ორი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტებს მიმართავს და დიალოგის სწრაფად აღდგენისაკენ მოუწოდებს, რომელიც დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ იქნება მიმართული.

"ეს ჩვენი სამივე ქვეყნის მთავარი და საერთო ინტერესია, რათა ჩვენ დავუბრუნოთ ამ რეგიონს სტაბილურობა, მშვიდობა და მსოფლიოსათვის უზარმაზარი ეკონომიკური როლი. ეს ჩვენი ერთობლივი მონაპოვარია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.

მინდა, ასევე, მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელთაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ. მინდა გავიმეორო – ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ქვეყანა – თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიმართოს ნებისმიერი მოლაპარაკება. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რაც მხარეებისთვის სასურველი იქნება.

ასევე, მინდა მივმართო ევროკავშირს. ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს, ჩვენი სტაბილურობა და რეგიონში მშვიდობა ასევე, ევროკავშირის ინტერესშია. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ძალები მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის". – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

კომენტარები