მერკელი: ევროკავშირის ლიდერები მთიან ყარაბაღში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

ანგელა მერკელი
DW

ევროპელმა ლიდერებმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებულ დაპირისპირების საკითხზე იმსჯელეს და მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. 

"ესაა ერთადერთი გზა, რათა ასეთი რთული პრობლემის გადაჭრაზე მშვიდობიანად ილაპარაკო". - აღნიშნა მერკელმა ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, 2 ოქტომბერს, განაცხადა, რომ მზად არის თანამშრომლობისთვის მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის 1992 წელს ეუთოს მინსკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სახელმწიფოებმა - საფრანგეთმა, რუსეთმა და აშშ-მ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ცეცხლი. თურქეთმა განაცხადა, რომ სამშვიდობო საქმიანობაში ეს ქვეყნები ჩართულები არ უნდა იყვნენ.

სომხეთი მხოლოდ აზერბაიჯანთან და რუსეთის ჩართულობით მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებდა. სომხეთის პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზადაა მოლაპარაკებებისათვის, თუკი ის მინსკის ჯგუფის ეუთოს ფორმატში გაიმართება. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა CNBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ, თუ საერთაშორისო საზოგადოება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში არ ჩაერევა, კავკასიის რეგიონი დიდ პრობლემად გადაიქცევა.

დაჭრილ სამხედროებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსთვის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად აუცილებელია, სომხეთმა დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყარაბაღის რეგიონიდან.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

კომენტარები