კრიმინალი

შსს: ყვარელში ყურძნის ქურდობის მცდელობისთვის 4 პირი დავაკავეთ, ამოვიღეთ 0.5 ტონა საფერავი

სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში ვენახებიდან ყურძნის ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს. სხვისი ქონების ქურდობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულები
არიან: 1993 წელს დაბადებული ვ.ზ. 1996 წელს დაბადებული ნ.ხ. 1986 წელს დაბადებული ბ.მ. და 1956 წელს დაბადებული მ.ბ.


"სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ღამით სხვის საკუთრებაში არსებულ ვენახებში ფარულად შეაღწიეს და საფერავის ჯიშის ყურძენს იპარავდნენ. პოლიციამ, დაახლოებით, ნახევარი ტონა ყურძენი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ" - აცხადებს შსს.

ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 1-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები