მთავრობა: მზად ვართ, დიალოგისთვის აზერბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლებს ვუმასპინძლოთ

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია დაპირისპირებულ სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს დიალოგისთვის თბილისში შეხვედრას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა. 

"ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში". – წერია განცხადებაში. 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. თავდასხმაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა 29 სექტემბერს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ცეცხლი გაუხსნა ყარაბაღის რეგიონის გარეთ მდებარე სომხურ ქალაქ ვარდენისს, რის შედეგადაც სულ მცირე 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, უპილოტო დრონით ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ავტობუსს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ვარდენისიდან სომხეთმა საარტილერიო შეტევა დაიწყო აზერბაიჯანის დაშქესანის მიმართულებით, რასაც სომხეთი უარყოფს.

აზერბაიჯანის პრეიზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ 27 სექტემბრის შემდეგ სომხეთის თავდასხმის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანელ სამხედროებში მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

კომენტარები