თუთიყუშები

ინგლისის ზოოპარკის თუთიყუშები გინების გამო იზოლირებულ გალიებში გადაიყვანეს

აფრიკული ნაცრისფერი თუთიყუში

ინგლისში მდებარე ლინკოლშირის ველური ბუნების პარკმა ხუთი რუხი თუთიყუში განუწყვეტელი გინების გამო იზოლირებულ გალიებში გადაიყვანა.

თუთიყუშები პარკში დაახლოებით 6 კვირის წინ მიიყვანეს და კარანტინის დროს ერთ ოთახში დააბინავეს. პარკის აღმასრულებელი დირექტორის, სტივ ნიკოლსის თქმით, სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს თუთიყუშებმა, რომ გინება შეუძლიათ და ერთმანეთი წაახალისეს.

ნიკოლსის თქმით, უზრდელი თუთიყუშები მისთვის უცხო არ არის.

"გასული 25 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის გვხვდებოდნენ თუთიყუშები, რომლებიც უწმაწურ სიტყვებს იყენებდნენ. მათ გინებას ყოველთვის კომიკურად აღვიქვამთ. თუმცა, რადგან ხუთივე თუთიყუში ერთ ოთახში იყო მოთავსებული, ნიშნავდა რომ ოთახი სავსე იყო გინებებით". – თქვა მან.

მისივე თქმით, რადგან მათ გინებაზე ყველა ადამიანი იცინოდა, თუთიყუშებს ეს უფრო და უფრო ახალისებდათ.

ამჟამად, თუთიყუშები იზოლირებულ გალიებში არიან გადაყვანილები და პარკშიც საცხოვრებელი ადგილი შეცვლილი აქვთ.

"თუ ისინი სხვა თუთიყუშებსაც ასწავლიან გინებას, გვეყოლება 250 უზრდელი ფრინველი, ამ შემთხვევაში არ ვიცი რა უნდა ვქნათ". – თქვა მან.

კომენტარები