შრომის რეფორმის კანონი

EMC: მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, შრომის კანონმდებლობაში პრობლემები რჩება

bpn.ge

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შრომის კანონმდებლობის რეფორმას ეხმიანება და მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯთან ერთად, ეს რეფორმა, ბევრი მიმართულებით, დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

EMC-ის აზრით, რეფორმაში შემდეგი პოზიტიური ცვლილებებია:

  • შრომითი უფლებების ზედამხედველობის გაძლიერების მიზნით შრომის ინსპექციისთვის შრომითი უფლებების დაცვის სრულყოფილი მონიტორინგის მანდატის მინიჭება და ინსპექციის ინსტიტუტიციური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯები;
  • სამუშაო დროის, ცვლაში მუშაობის, ზეგანაკვეთური სამუშაოსა და ღამით დასაქმებული პირების ცნების განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული დეფინიციების გაჩენა;
  • ცვლაში მშრომელთათვის დაწესებული დასვენების დროის რეგულირება
  • ღამე მშრომელთა უფლებების დაცვის გარკვეული გარანტიების შემოღება
  • სპეციფიკური დარგების ჩამონათვალის არსებული პრობლემური სიის გაუქმება
  • მედიაციის აღსრულების წესის განსაზღვრა
  • ანტიდისკრიმინაციული სტანდარტები - გონივრული მისადაგების ცნება გაჩენა, ქალებისთვის თანაბარი ანაზღაურების პრინციპის შემოტანა და სხვა.
  • შრომის ხელშეკრულების ფორმის, ვადებისა და შინაარსის ახლებურად დარეგულირება
  • სტაჟირების დარეგულირება;

რეფორმის შედეგად დასაქმებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების გაშვებული შესაძლებლობებია:

  • არ დადგენილა მაქსიმუმ რამდენი საათი შეუძლია დასაქმებულს ზეგანაკვეთურად მუშაობა;
  • რეფორმა არ ითვალისწინებს ისეთ გარანტიებს, როგორიცაა სოლიდარული გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, მამობის შვებულება და დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება ქალებისთვის;
  • არ არის ამომწურავად გაწერილი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები;
  • პარლამენტმა მეორე მოსმენაზე უარი თქვა ზეგანაკვეთური სამუშაოს 125%-იანი გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების წესის შემოღებაზე.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ, მიუხედავად ამ გარემოებებისა, რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლაში. შრომის კოდექსში შესული ცვლილებები გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას, გააძლიერებს დამსაქმებლებთან ურთიერთობაში, ხელს შეუწყობს შრომის ინსპექციის ქმედით, თვითმყოფად უწყებად ჩამოყალიბებას, ხოლო საქართველოს შრომით კანონმდებლობას ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო შესაბამისს გახდის.

"ამავე დროს, ცხადია, რომ დღეს საქართველოში შრომითი უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, მათ შორის რეფორმირებული შრომის კოდექსი და ამ სფეროში არსებული ინსტიტუციური გარემო, კვლავ დიდწილად, კერძო ინტერესს ემსახურება. ამ პრობლემების ერთობლიობა კვლავაც შესაძლებელს ხდის საფრთხისშემცველ სამუშაო გარემოში, მძიმე და დაბალანაზღაურებადი შრომის ხარჯზე სიმდიდრის დაგროვებას და ხელს უწყობს მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს". – წერია EMC-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შრომის რეფორმის შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დღეს, 29 სექტემბერს მესამე მოსმენით მიიღო

კომენტარები