ოკუპირებული აფხაზეთი

"კავკასია 2020"-ის ფარგლებში რუსეთი სამხედრო წვრთნებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც ატარებს

TASS

რუსეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების, "კავკასია 2020"-ის ფარგლებში წვრთნები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. წვრთნებში მონაწილეობას რუსი და აფხაზი სამხედროები იღებენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნებისათვის განალაგეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ნაწილები და თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლები.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე წვრთნებში ჩართულია სულ 1 500 სამხედრო და 500-მდე ტიპის სამხედრო ტექნიკა, ასევე, რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავები და ვერტმფრენები.

"კავკასია 2020"-ში სულ 80 000 სამხედრო მონაწილეობს და რამდენიმე საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. წვრთნები 21 სექტემბერს დაიწყო და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება.

წვრთნებში მონაწილეობს ჯავშანტექნიკა და საბრძოლო თვითმფრინავებიც. თავდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ოკუპირებული ყირიმის, სტავროპოლის, კრასნოდარისა და როსტოვის რეგიონებში მზადყოფნაში მოიყვანეს Su-27 და Su-30SM-ის ტიპის თვითმფრინავები.

რუსეთთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, ბელარუსის, მიანმარის, პაკისტანისა და ჩინეთის სამხედრო დანაყოფები. წვრთნებს დააკვირდებიან აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ტაჯიკეთის, შრი ლანკისა და ყირგიზეთის წარმომადგენლები.

კომენტარები