საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 21-ე პაციენტი, 77 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა ბომონდში მკურნალობდა.   

კლინიკა ბომონდის ინფორმაციით, ის კლინიკაში ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან 20 სექტემბერს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. 

"პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდაც რთული ანამნეზი. აღენიშნებოდა გულის იშემიური დაავადება, ორმხრივი მწვავე პნევმონია, თავის ტვინის ქერქის ატროფია, დაუზუსტებელი მწვავე ინსულტი, ქრონიკული უკმარისობის მეოთხე ფუნქციური კლასი და შაქრიანი დიაბეტი. მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა." - ამბობს ბომონდის კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი. 

ბომონდში 83 ინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, მათ შორის არის 15 ბავშვი, 8 ორსული და 1 მელოგინე. 

"მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მძიმედ ფასდება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალბატონის მდგომარეობა." - ამბობენ კლინიკაში.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 3 695 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან 1534 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 21 კი გარდაიცვალა. მონაცემები stopcov.ge-ზე დღეს, 22 სექტემბერს, ამ დრომდე არ განახლებულა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები