აშშ-რუსეთი-სირია

რუსულ ძალებთან დაპირისპირების შემდეგ აშშ სირიაში სამხედროების რაოდენობას ზრდის

Getty Images

რუსულ ძალებთან მომხდარი დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევის შემდეგ აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში სამხედრო ტექნიკის და ჯარისკაცების რაოდენობას ზრდის.

ოფიციალური პირების თქმით, სირიაში გაიგზავნება Bradley-ს ტიპის 6 საბრძოლო მანქანა, 3D რადარი საჰაერო თავდაცვისათვის და კიდევ 100 ჯარისკაცი. ასევე გაიზრდება ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავების პატრულირების სიხშირე.

აშშ-ს შეიარაღებული ძალების კაპიტანი, შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამმართველოს სპიკერი ბილ ურბანი ამბობს, რომ სამხედრო ძალების გაზრდის მიზანს კოალიციის ძალების უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

"აშშ-ს სირიაში სხვა რომელიმე ქვეყანასთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კოალიციის ძალებს დაიცავს". - თქვა მან.

ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სირიაში გაგზავნილი დამატებითი ძალების მიზანი უსაფრთხო ზონაში შესვლისგან რუსული ძალების შეჩერება იქნება. ამ ზონაში აშშ-ს კოალიციური ძალები ქურთ მებრძოლებთან ერთად მუშაობენ.

ამერიკულ და რუსულ ძალებს შორის დაპირისპირების შემთხვევები მიმდინარე წელს გაიზარდა. აშშ ამბობს, რომ რუსეთი შედის უსაფრთხო ზონაში მიუხედავად შეთანხმებისა, რომ მას არ დაარღვევს. რუსეთში კი აცხადებენ, რომ აშშ-ს სამხედრო ძალები გააფრთხილეს, რომ ამ ტერიტორიაზე პატრულირებას აპირებენ.

25 აგვისტოს სირიაში რუსეთის ჯავშანმანქანა ამერიკელი სამხედროების მანქანას დაეჯახა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ ულიოტმა თქვა, რომ შემთხვევა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ ელ-მალიქიასთან (დერიკი) მოხდა. დაშავდა 7 ამერიკელი სამხედრო. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ რუსული სამხედრო მანქანა, რომელსაც ორი ვერტმფრენი მიჰყვება, სახიფათო მანძილზე უახლოვდება ამერიკულ ჯავშანტექნიკას.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში 500 ამერიკელი სამხედრო დარჩა. ამერიკელი სამხედროების ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოების დასაცავად დარჩა.

კომენტარები