რეგულარული ფრენების აკრძალვა

Wizz Air: ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენაზე ბილეთების დაჯავშნა უკვე შეგიძლიათ

საქართველოში მოქმედი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ კომპანია საქართველოში ფრენებს 4 ოქტომრიდან განაახლებს. 

"ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები განახლდება 4 ოქტომბრიდან - ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ wizzair.com-ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ”- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების განახლება პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დააანონსა. "ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად". - თქვა გახარიამ. 

საქართველოდან პირდაპირი რეგულარული ფრენების უფლება მხოლოდ სამ ავიაკომპანიას აქვს - Lufthansa (თბილისი-მიუნხენი, კვირაში ორჯერ), Air France (თბილისი-პარიზი, კვირაში ორჯერ), Air Baltic (თბილისი-რიგა, კვირაში ორჯერ). ასევე ავიაკომპანია აირზენა ასრულებს თვეში რამდენიმე ჩარტერულ რეისს ბერლინის, ვენის, პარიზის და ამსტერდამის მიმართულებით, ხოლო ეგეოსის ავიახაზები - ათენის მიმართულებით. გარდა ამისა, მთავრობამ სტამბოლოს, კიევის, დოჰის და ვარშავის რეისზე ცალმხრივი ჩარტერები დანიშნა - მგზავრებს მხოლოდ თბილისიდან გაფრენა შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ დაბალბიუჯეტიან კომპანიებს - Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ფრენის ნებართვას ამ დრომდე არ აძლევდა, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ". ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და "როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს".

ნათია თურნავამ დაბალბიუჯეტიანი ფრენების აღდგენაზე პირველად გუშინ, 16 სექტემბერს ილაპარაკა. მან ევრონიუს საქართველოს ეთერში თქვა, რომ სექტემბერშივე აღადგენდა Wizzair-ი "გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით ფრენებს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

"ასევე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისიდან Ryanair-ი აღადგენს ფრენებს.

რა სიხშირით იქნება, რა მიმართულებები იქნება არჩეული, ამაზე ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან და ყოველთვის ვნახულობთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, ფრენები ეტაპობრივად აღდგება უახლოეს რამდენიმე თვეში" - თქვა თურნავამ. 

აღსანიშნავია, რომ ავიაციის სააგენტოს ნოტამის მიხედვით, რიგის, პარიზის და მიუნხენის მიმართულებების გარდა, რეგულარული ფრენები პირველ ნოემბრამდე შეწყვეტილია.

კომენტარები