ლარის კურსი

ფინანსთა მინისტრი: მე მგონი, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება და "თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა". მან მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სებ-ს სავალუტო რეზერვებიდან 300 მილიონ დოლარზე მეტი აქვს გაყიდული.

"წლის ბოლომდეც გამოთქვა მზაობა. ასე რომ, ამ მხრივ, მე მგონი, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.

რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ბოლო დროს, თვე-თვეზე ინფლაცია მცირდებოდა, აქ არ აგერიოთ იმ მაჩვენებელში, როცა წინა თვის ანალოგიურ თვეს დარდება, მაშინ შედარებით მაღალია ინფლაცია, მაგრამ მიმდინარე ტრენდი შემცირებადია, რაც გვაძლევს თქმის საფუძველს, რომ წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ინფლაციის ნორმალურ მაჩვენებელს დავუბრუნდებით. 2021 წელსაც არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას, რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე". – ამბობს მაჭავარიანი.

კითხვაზე, რომ ორი დღის წინ გაყიდული 40 მილიონი დოლარის მიუხედავად, ლარი მაინც უფასურდება, ფინანსთა მინისტრი პასუხობს - "ყოველ ტრანზაქციაზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს. ეროვნულ ბანკს აქვს მზაობა და ეს პანდემიის პერიოდში არაერთხელ დაამტკიცა, რომ უზრუნველყოს ლარის კურსის სტაბილურობა და შოკებიდან გამომდინარე ყოველგვარი ზედმეტი გაუფასურება მოასწროს და მაქსიმალურად მის ბუნებრივ ნიშნულზე ამყოფოს ლარი". – ამბობს მაჭავარიანი.

ბოლო 15 დღეში ლარი დოლართან 8 თეთრით, ხოლო ევროსთან 9 თეთრით გაუფასურდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 16 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.1127 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8718 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 28 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 64 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე, კრიზისის დაწყების შემდეგ კი - 250 მლნ დოლარი.

წინასწარი მონაცემებით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 12.6%-ით არის შემცირებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 80%-ით შემცირდება - ეს 1,8 მილიარდი დოლარია. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მარტის შემდეგ ჩაკეტილ საზღვრებს ისევ არ ხსნის და მხოლოდ ხუთ ქვეყნის (გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის) მოქალაქეებს უშვებს კარანტინის გარეშე. ამ ხუთი ქვეყნიდან ჯამში მხოლოდ სამ ავიაკომპანიას (Lufthansa - თბილისი-მიუნხენი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air France - თბილისი-პარიზი-თბილისი, კვირაში ორჯერ, Air Baltic - თბილისი-რიგა-თბილისი, კვირაში ერთხელ) აქვს რეგულარული ფრენების შესრულების უფლება. ავიაციის სააგენტოს მორიგი ნოტამის მიხედვით, რეგულარული ფრენები კიდევ ერთხელ, ამჯერად 1 ნოემბრამდე აიკრძალა.

კომენტარები