კობახიძე მეუფე იაკობზე: სიცოცხლის მოსპობისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის საქმე უნდა აღიძრას

თეოლოგი ბასილ კობახიძე წერს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას, რადგან ის სიცოცხლის მოსპობისკენ საჯაროდ მოუწოდებს. 

"პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ უნდა აღძრას საქმე, ადამიანების სიცოცხლის მოსპობისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის. მამა გიორგი მამალაძეს არაფერი დაუშავებია და 9 წელი მიუსაჯეს, ხოლო ეს იაკობი თავისუფლად უნდა მოუწოდებდეს ჟურმალისტების დახოცვისაკენ შარლი ებდოს მაგალითის მოშველიებით? თან იაკობი თვითონ იღებს და ავრცელებს ამ მოწოდების ვიდეოს. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. 

ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს რომ ეს იაკობის უვნებელი ბოდვაა. მეუფეებისაგან ზომბირებული მრევლი უკვე დიდი ხანია მზადაა, ფიზიკურად გაუსწორდეს სულიერი მამების მიერ დასახელებულ „ეკლესიის მტრებს“ და მხოლოდ ერთი ნაპერწკალი სჭირდება. ასეთი შემთხვევები ყოფილა და არის, შორს რომ არ წავიდე, აგერ მე გადამხდომია არაერთხელ, ასევე ახალგაზრდა თეოლოგებსაც, მაგალითად, გიორგი ტიგინაშვილს. სახელმწიფომ თუ არ მიიღო ზომები, იაკობის და სხვა მეუფემამაოების ამგვარი მოწოდებები ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს." - წერს ბასილ კობახიძე Facebook-ზე. 

"ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ" - მეუფე იაკობი კრიტიკულ მედიას დღეს კიდევ ერთხელ დაემუქრა. მისივე თქმით, ტელეკომპანიების დირექტორებს თუ არ სურთ, "ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია, მიხედონ თავიანთ საქმეებს." 

მანამდე, მეუფე იაკობი მედიას 6 სექტემბერსაც ემუქრებოდა და ამბობდა: "ჩემს ეკლესიაზე მასე შეხებას არავის ვაპატიებ".

კომენტარები