ლელო

ხაზარაძე: ქართული ოცნების ზონდერებმა ზუგდიდში ჩვენი ღონისძიების ჩაშლა სცადეს

მამუკა ხაზარაძე
ლელო

ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართული ოცნების ზონდერებმა" ზუგდიდში მათი პარტიული ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლა სცადეს. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, ყველა, ვინც ღონისძიების ჩაშლა სცადა, იდენტიფიცირებულია და ასევე აქვთ სუს-ის იმ თანამშრომლების სია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ლელოს წევრების შევიწროებას. პარტიის განცხადებით, ამ სიას მალე გაასაჯაროებენ. 

კერძოდ, თუ რაში გამოიხატებოდა პროვოკაციის მოწყობა, პარტიის განცხადებით, მამუკა ხაზარაძეს ღონისძიებაზე ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანტია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები "პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ". პარტიის ცნობით, ეს ადამიანები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცდილობდნენ ჩაეშალათ ლელოს ღონისძიება. 

"ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების გადახდის ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში ლელოს პროვოკაციას. ესენი არიან სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები: ქალბატონი მანანა მაქაცარია, ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან; რონალდ მაქაცარია, სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი; ჯაბა შენგელია, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი; ვახო ზარანდია, ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ა.შ." – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

ლელოს ლიდერმა ქართულ ოცნებას, კერძოდ კი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და თქვა, რომ ასეთი მეთოდები 90-იან წლებში იყო, რამაც საქართველო გახლიჩა. 

"ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე". – ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

პარტიის თავმჯდომარის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს საარჩევნო კამპანიების ჩასაშლელად იყენებს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბოლო 30 წელია ის ბიუჯეტის ყველაზე მსხვილი შემავსებელია, თანხა კი იმისთვის იხარჯება, რომ მმართველმა პარტიამ საარჩევნო კამპანიები ჩაშალოს. 

"ასევე გუშინ ღამით სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დაამტვრიეს. ეს ფაქტები გრძელდება. სუს-ის თანამშრომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და წარმოვადგენთ მათ სიას, ვინც დასდევს ჩვენი პარტიის თანამშრომლებს და არბევს. ეს არის გუშინდელი საქართველო და ასეთი ადამიანები და ქმედება არავის სჭირდება, ქვეყნის სათავეში მდგომი ასეთი ადამაინებისგან საქართველოს გავწმენდთ". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

კომენტარები