ლელო

მიქაუტაძე: ინვესტიციები 10 წლის მინიმუმზეა და გაუგებარია, რა უხარია ხელისუფლებას

ლელო

გლდანში ლელოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგლა მიქაუტაძემ საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში უცხოური ინვესტიციების კლება შეაფასა და თქვა, რომ ზრდის ერთადერთი საშუალება მისი პარტიის "მარშალის გეგმაა". 

გიგლა მიქაუტაძე ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც ამაყობს მეორე კვარტალში ინვესტიციების 0.5%-იანი ზრდით, ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს და არჩევნებში დამარცხებისთვისაა განწირული. 

"ბოლო 10 წლის განმავლობაში მინიმუმზეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ბოლო ვარდნა ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო. ამის მიზეზი არის ბოლო წლებში ბიზნეს-გარემოს ეტაპობრივი გაუარესება, რომლის კულმინაცია, რა თქმა უნდა, იყო ანაკლიის პროექტის შეჩერება. 

ლელოს "მარშალის გეგმის" ერთერთ მთავარ ქვაკუთხედს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და იმიჯის სწრაფი გაუმჯობესება წარმოადგენს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სჭირდებათ ინვესტორებს და როგორ მივიპყროთ მათი ყურადღება". – თქვა გიგლა მიქაუტაძემ. 

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, "მარშალის გეგმით" გათვალისწინებული ახალი საერთაშორისო საფონდო ბირჟა, საერთაშორისო არბიტრაჟი, ახალი სასამართლო სისტემა და მეგაპროექტები, სხვა დაგეგმილ ნაბიჯებთან ერთად, ქვეყნისთვის $10 მილიარდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას მოიტანს. 

"ასევე მოიტანს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რასაც ასევე მოჰყვება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. ასე შეიქმნება ძლიერი საშუალო ფენა ქვეყანაში, რომელიც დღეს, ფაქტობრივად, არ გვაქვს". – ამბობს გიგლა მიქაუტაძე. 

კომენტარები