საუდის არაბეთის სამეფო

საუდის არაბეთის მეფე: ჩვენ გვსურს პალესტინის საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა

დონალდ ტრამპი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი
cbsnews

საუდის არაბეთის მეფემ სალმანმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პალესტინის საკითხი სამართლიანად და ურყევად მოგვარებისთვის მზად იყო. მეფის თქმით, პალესტინის პრობლემა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შემუშავებული არაბული მშვიდობის ინიციატივის მთავარი საკითხია. ინფორმაციას საუდის არაბეთის სამთავრობო მედია ავრცელებს.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც გასულ თვეს აშშ-ს შუამდგომლობით ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ისტორიული შეთანხმება შედგა. არაბთა გაერთიანებული საამიროები ეგვიპტისა და იორდანიის შემდეგ მესამე არაბული ქვეყანა გახდა, რომელიც ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებას დათანხმდა. 

მეფე სალმანმა დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ის აფასებს აშშ-ს ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისთვის და რომ საუდის არაბეთს სურს პალესტინის პრობლემის სამართლიანი და ურყევი გადაწყვეტა იხილოს.

2002 წელს საუდის არაბეთის მიერ შემუშავებული არაბული მშვიდობის ინიციატივის ფარგლებში, საუდის არაბეთი ისრაელს ურთიერთობების ნორმალიზებას სთავაზობს. სანაცვლოდ პალესტინა უნდა ჩამოყალიბდეს, როგორც სახელწიფო და ისრაელმა 1967 წელს ომის პერიოდში დაკავებული ტერიტორიიდან მთლიანად უნდა გაიყვანოს ჯარი.

ამჟამად საუდის არაბეთი ისრაელს არ აღიარებს. თუმცა სამეფო უფლებას აძლევს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ფრენების განხორციელებისას ავიახაზებმა საუდის არაბეთის საჰაერო სივრცე გამოიყენონ.

ისრაელსა და პალესტინას შორის მოლაპარაკებების განახლების და რეგიონში მშვიდობის დამყარების აუცილებლობა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მოჰამედ ბინ სალმანმაც განიხილა დონალდ ტრამპის მთავარ მრჩეველთან, ჯარედ კუშნერთან.

კომენტარები